|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ნაგავსაყრელი–მოგვარებული თუ ახალი პრობლემა რეგიონისთვის?

  რას უქადის იმერეთს ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელი, რომელიც იმერეთის გარდა,  რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოემსახურება?  საკითხით „ ნიუპრესი“ დაინტერესდა.

ქუთაისის „აქილევსის ქუსლად“ წოდებული ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს რეგიონული განვითარების სამინისტრო და  „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აწარმოებს. ნაგავსაყრელის საბოლოოდ დახურვის შემდეგ ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელი გაიხსნება.

 რეგიონალური ნაგავსაყრელის მოსაწყობად იმერეთში 8 ტერიტორია იყო შერჩეული, აქედან თავდაპირველად თერჯოლის რაიონის სოფელი ჭოგნარი შეირჩა. თუმცა ნაგავსაყრელის გადატანის იდეა ადგილობრივებმა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ნაგავსაყრელი მათ საფრთხეს შეუქმნიდა, ამავდროულად, აღნიშნავდნენ, რომ  ტერიტორიას პირუტყვის საძოვრად იყენებდნენ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი ადგილი ამჯერად სოფელ გოდოგანში, (კოხი) ყოფილი სატანკო ბატალიონის ტერიტორია შეირჩა. მაგრამ აქ ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. ადგილობრივების თქმით, ტერიტორია, რომელიც სამხედრო პოლიგონს წარმოადგენდა დანაღმულია. დანაღმვის ფაქტს ადასტურებს „მყარი ნარჩენების მართის კომპანია“.

ამჟამად ტერიტორიის განაღმვა მიმდინარეობს. სამუშოები ერთ თვეს გაგრძელდება. დანაღმულ ტერიტორიასთან ერთად, მოსახლეობა ახლი  ნაგავსაყრელით გამოწვეულ შესაძლო პრობლემებზე საუბრობს. მათი განცხადებით, შესაძლოა, ეტაპობრივად ნიკეას ნაგავსაყრელის მსგავსი პრობლემები შეიქმნას.  ამიტომ კომპანიისგან უსაფრთხოების ზომების და ბუფერული ზონების მაქსიმალურად დაცვას მოითხოვენ.

მითუმეტეს, რომ ტერიტორია არა მხოლოდ იმერეთს, არამედ რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოემსახურება. ამ ფაქტს იმერეთში სკეპტიკურად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ სხვა რაიონების ნარჩენები იმერეთში, მითუმეტეს ცენტრალური გზის პირას არ უნდა იყრიდეს თავს.

„იმერეთის ნაგავი არ გვყოფნის, რაჭა–ლეჩხუმსა და სვანეთიდან, რომ არ ჩამოიტანონ,  ან სად დაატვენ ამდენ ნაგავს, ამ ამხელა გზაზე ნაგვის ტრანსპორტირების ხარჯებზე არ ფიქრობენ? თვეში ერთხელ ხომ არ ჩამოიტანენ, უფრო ხშირი ინტერვალით მოხდება, ამიტომ ხარჯიც ხომ იზრდება. რატომ არ ითვალისწინებენ ამ ფაქტს?  იმედია, ახალ ნაგავსაყრელზე ახალი პრობლემები არ შეიქმნება“, –აღნიშნავს ადგილობრივი გია ამყოლაძე.

საფრთხეებზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი და პროექტის სრულად დასრულებას ეჭვქვეშ აყენებს.  „მეეჭვება,  რამე ბოლომდე მიიყვანონ და დასრულებული სახით გააკეთონ. ყველანი  მხოლოდ ფულის კეთებაზეა გადასული, ამიტომ არაა გამორიცხული, ეს სამუშაოებიც არ ჩატარდეს სათანადოდ. ჩვენ არ მოგვწონს ეს ტერიტორია რომ შეირჩა, მაგრამ გვესმის, რომ სადღაც უნდა მოწყობილიყო. მთავარია, კარგად გააკეთონ და მორიგი პრობლემა არ მივიღოთ,“–აღნიშნავს ნინო იობიძე.

სამუშაოების ხარისხიანად ჩატარების შესახებ  მოსახლეობის ეჭვის გაქარწყლებას ცდილობს  „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მოადგილე,  დავით ჭავჭანიძე. მისი განცხადებით, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად  აშენდება,  დაცული იქნება ეკოლოგიური და სანიტარული ნორმები,  რაც ითვალისწინებს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

„ქუთაისის მყარი ნარჩენების  ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში დაგეგმილია ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის აშენება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, შესაბამის სამინისტროებთან ერთად, შეიმუშავა ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელიც ეხება საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემოთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვას.  ჩამოყალიბდა საბოლოო რედაქცია და უახლოეს მომავალში იგეგმება ინტერესთა გამოხატვის ოფიციალურად გამოცხადება, რაც პოტენციურ ინვესტორებს შემოთავაზებების წარმოდგენის საშუალებას მისცემს,“–აღნიშნავს დავით ჭავჭანიძე.

ახალ ნაგავსაყრელეზე საუბარი წინა მთავრობის პირობებშიც მიმდინარეობდა. ადგილიც შეირჩა, ქვაშავას ტერიტორია, სადაც ევრო სტანდარტების შესაბამის ნაგავსაყრელზე ზრუნვა 2010 წელს დაიწყო. სამუშაოებს ხელშეკრულება გაფორმებული იტალიურ ფირმა რაფონსერვისი ახორციელებდა, რომელმაც 2009 წელს ნაგავსაყრელის 100%-იანი წილი 3 მილიონ ევროდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაფორმებული  ხელშეკრულებით შეისყიდა. რაფონსსერვისი ნაგავსაყრელის მოწყობას  მალევე შეუდგა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულმა ფირმამ  გაურკვეველი მიზეზების გამო, სამუშაობის შესრულებაზე უარი განაცხადა და დაწყებული სამუშაოებიც შეჩერდა.

ამჟამად, იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რისთვისაც  26 მლნ. ევრო გამოიყო. ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა