|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„უსაფრთხოების კუნძულები“-ქალაქის საჭიროება თუ გაუმართლებელი ხარჯი?

 ქუთაისის მერიამ სიჩქარის შემზღუდველი, უსაფრთხოების კუნძულების მოსაწყობად 400 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულს ქალაქის მასშტაბით გზაჯვარედინებსა და მოედნებზე ათი „კუნძულის“ მოწყობა ევალება, რომელთა ზომები ადგილმდებარეობის მიხედვით, ერთამანეთისგან განსხვავდებულია.

არსებული ინფრომაციით, კუნძულები გამარჯვების მოედანზე, კიკვიძის  ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარლამიშვილის ქუჩის მოედანზე, საფიჩხიის მოედანზე, ბალახვნის მოედანზე, ავტოქარხანაში ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ილია ჭავჭავაძის გამზირზე, 31- სკოლის წინ, ავანგარდში, კინო ქუთაისთან და წყალტუბოსკენ მიმავალ გზაზე განთავსდება. 

კუნძულების მოწყობა არა, თუმცა ღირებულება უკვე გახდა განხილვის თემა. მოქალაქეები, რომლებიც ფეხით და ავტომობილებით გადაადგილდებიან, აღნიშნავენ, რომ 400 000 ლარი ქალაქისთვის დიდი თანხაა. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ქუთაისს ბევრად მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვს, ვიდრე გამწვანებული „კუნძული“ სიჩქარის შესაზღუდად.

„არავინ ამბობს, რომ „კუნძულები“, უსაფრთხოების ნორმების გაზრდა კარგი არაა, მაგრამ, ეს რის ხარჯზე ხდება? სიღარიბის პირას არის ქალაქი. მოსახლეობის დიდ ნაწილი ქუჩაშია გამოსული და მწვანილით ვაჭრობს. ამ დროს კი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი კუნძულების მოსაწყობად იხარჯება. ამის პარალელურად მერიას ელემენტარულად გზები ვერ დაუხაზავს, ვერ ნახავთ „ზებრა“ გადასასვლელს, რომელიც შესამჩნევი და ახლად დახაზული არის. ერთადერთი, მგონი, მერიის მიმდებარედ დახაზეს, ისიც „საორმაიოსოდ“. აქედან ჩნდება კითხვა, მანქანებით მოსიარულეებზე თუ ზრუნავ და კუნძულებს აკეთებ, რა დააშავეს ფეხით მოსიარულეებმა, არც საგზაო ნიშნებია და არც მიწისქვეშა გადასასვლელი.  აჯობებდა ჩვენს მთავრობას ამით დაეწყო და რეალურად ხალხზე ეზრუნა“,–აღნიშნავს ადგილობრივი ამირან გურგენიძე.

„უსაფრთხოების 10 კუნძულის“ აუცილებლობას ვერ ხედავს საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე.  როგორ ის აღნიშნავს,   10  „კუნძულის“ მოწყობა  საჭირო არ იყო და ბევრად ეფექტური იქნებოდა თვითმმართველობას ფეხით მოსიარულეებზეც ეზრუნა და  „საჰაერო კუნძული“ გაეკეთებინა. ბრეგაძე სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ მსგავს სამუშაოებზე თბილისში განსხვავებული თანხები იხარჯებოდა.

„ჯერ ვთქვათ ის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო 10 კუნძულის მოწყობა?  ზოგიერთ ადგილზე ხომ საერთოდ უაზრობას წარმოადგენს, მაგალითად, ავტოქარხანაში, ან საფიჩხიაზე, სადაც მოძრაობას არსებული წრე ისედაც ოდითგანვე არეგულირებდა. ეს „კუნძულები“ ძირითადად მანქანების გადაადგილებას უზრუნველყოფს. ფეხით მოსიარულე კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება.  გაცილებით ეფექტური იქნებოდა,  ქვეითად მოსიარულეთათვის მიწისქვეშა გადასასვლელის თუ ვერა, „საჰაერო კუნძულის“ მოწყობა უზრუნველეყოთ მაინც. ბევრად მეტი კუნძული გაკეთდებოდა და გაცილებით დიდი პრობლემა მოგვარდებოდა.  ფეხით მოსიარულეთა პრობლემის გადაჭრას მხოლოდ „ზებრა“ არ ყოფნის, საჰაერო ხიდებიც საჭიროა.  „უსაფრთხოების კუნძულების“ პროექტი თბილისიდან არის წამოღებული, თუმცა  იგივე სამუშაოებზე თბილისში განსხავებული თანხები ჯდებოდა. საინტერესო იქნება ხარჯთაღრიცხვის ფორმა და მოცულობა. რისი დათვლაც შესრულებული სამუშაოების მერე იქნება შესაძლებელი, “–აღნიშნავს საკრებულოს დეპუტატი. ბრეგაძე პირობებით გამოცხადებული ტენდერების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პირობებით გამოცხადება  „სასურველი“ კომპანიის პრივილეგიას ნიშნავს.

 „ჩვენ  არ ვართ ჩასაფრებულის პოზიციაში, თუმცა მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს აუცილებლად გავუწევთ. ბოლო პერიოდში თითქმის ყველა ტენდერი პირობით ცხადდება, თან ისე, რომ რომელიმე კომპანიის წლიური ბრუნვის ზუსტ ციფრს ემთხვევა, არც მეტს და არც ნაკლენს. რაც აჩენს რეალურ ეჭვს, რომ ტენდერი სასურველ კომპანიაზე მორგებით ცხადდება,“–აღნიშნავს ბრეგაძე.

პირობებით გამოცხადებულ ტენდერებზე საუბრობს იმერეთის ყოფილი გუბერნატორიც. როგორც მეფარიშვილი აღნიშნავს, ზედმიწევნით გაწერილი პირობა კომპანიებს თავიდანვე ფილტრავს და „სასურველი“ კომპანია კონკურენტის გარეშე რჩება.

კუნძულების მოსაწყობად სამუშაოებს პირობით გამოცხადებული ტენდერით შერჩეული  შპს „ზაზო“ აწარმოებს, რომელიც სამუშაოებს, ტენდერის პირობების შესაბამისად, ორ ეტაპად განახორციელებს. პირველ ეპატზე, 156 000 ლარის ფარგლებში 5 „კუნძული“ მოეწყობა, რომელიც ივნისის ბოლოს დასრულდება. დარჩენილი ხუთი „კუნძულზე“ კი 202 000 ლარი დაიხარჯება. შპს 2009 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოებიდან მნიშვნელოვანია ვანის ცენტრალურ სტადიონის რეაბილიტაცია, 15–მდე გარემონტება, ასევე ბაღდათის კოლეჯ „იბერიის“ სრული რეკონსტრუქცია. რაც შეხება ქუთაისის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სამუშაოებს,   „ზაზო“ ამ დრომდე  ბეტონის გზების დაგებით შემოიფარგლებოდა. კომპანიის მთავარი ინჟინერის, მერაბ ტყეშელაშვილის განცხადებით, გაზრდილი ფასების გამო საჭირო მასალებში ბევრად დიდ თანხებს იხდის, ვიდრე ტენდერით იყო გათვლილი.

 „ტენდერი ისეთი რამ არის, რომ რაღაც სახის უზუსტობები ყოველთვის ხდება.  შეიძლება, 5% ვერც აითვისო.  სიგრძეები, მოცულობები შედარებით მეტია, ამასთან ერთად გაიზარდა ცემენტის ღირებულება, თუ 180 ლარი ღირდა,  210 გახდა. დანაკარგები აქვს ბორდიურებსაც, რის გამოც ზარალზე მივდივართ. კვადრატულ მეტრზე შესრულებული სამუშაოსთვის 5 ლარი იყო გათვლილი, რეალურად, მეტის გადახდა გვიწევს. მაგრამ ტენდერებში ასე ხდება, ამ საქმეში თუ წააგებ, მეორეში მოიგებ. წესით მოგება 8%–ია , მაგრამ ამ მოგებაზე ვერასდროს მიდიხარ. საქართველოში უყვართ თქმა, რომ ძვირია, მაგალითად, რუსეთში, ან ევროპაში ამ სამუშაოებზე 5–ჯერ მეტი იხარჯება, რადგან იქ ადამიანებს აფასებენ და მეტ ხელფასს უხდიან“,–აღნიშნავს მერაბ ტყეშელაშვილი.

 „უსაფრთხოების კუნძულებისთვის“ გამოცხადებული ტენდერის ღირებულების სოლიდურობის შესახებ მოსაზრებას  არ ეთანხმება მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე. როგორც „ახალ გაზეთთან“ საუბარში აღნიშნავს, ყველა ხარჯი ზუსტად არის გაწერილი და დაინტერესებულ პირს ამ ინფორმაციას დეტალურად გაეცნობა შეუძლია.

„თავდაპირველად ტენდერი 380 000 ლარზე გამოცხადდა. რაც ორ ეტაპს მოიცავს. პირველ ჯერზე 5 „კუნძული“ მოეწყობა, მეორე ეტაპზეც–5. არ ვეთანხმები, თითქოს გაბერილი თანხებია, პირიქით, მცირეც კი არის,  რადგან თითოეული „კუნძული უამრავ დეტალს შეიცავს- ასფალტის ფენის მოჭრა, ბორდიურების დაწყობა, სარწყავი მილების გაყვანა,  გამწვანება დიდ თანხებზე გადის. ვისაც აინტერესებს, დეტალურად  რა თანხები იხარჯება, მოვიდნენ და დოკუმენტებს წარვუდგენთ. ასე ქუჩაში სიარულს და ჭორაობას, ჯობია, ფაქტებით დაინტერესდნენ,“–აცხადებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.

როგორც აღვნიშნეთ, 400 000 ლარად 10 კუნძული ეწყობა, რომლებიც ზომების მიხედვით განსხვავდება, თუმცა რაოდენობის მიხედვით თუ გავყოფთ, თითო კუნძულის ღირებულება საშუალო ართმეტიკული გათვლით, 40 000 ლარი გამოდის. კომპანიის წარმომადგენელის თქმით, სახელფასო ფონდი 20% აწევს. მისივე განცხადებით, მიწა ლანჩხუთიდან მოაქვთ, ნერგები ზუგდიდიდან ან ბათუმიდან, ინერტული მასალა ვარციხიდან ტრანსპორტირება ფასებს ზრდის. მისივე განცხადებით, სიგრძივი მეტრი ბორდიურის ღირებულება ადგილზე 33 ლარია, თუმცა მერაბ ტყეშელაშვილის განცხადებით, კოპმპანიას 60 ლარი უჯდებათ.

სავარაუდოდ, ყველაზე დიდი ხარჯი ბორდიურების მოწყობას სჭირდება. ერთ მეტრს ბორდიურში 4–5 სპეციალური  ფილა გამოდის. ჩვენი გამოთვლით,  ბალახვანში მოწყობილ „კუნძულზე“  (წრეზე 58,  სამკუთხედზე კი 290) 348 დამუშავებული ფილა გაიხარჯა, რაც ჯამში 2871 ლარი გამოდის. „მწვანე ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ „კუნძულზე“ –78 ფილა მოეწყო, რაც  660 ლარი გამოდის.  თუმცა რამდენად  ადექვატურია „კუნძულებისათვის“ გამოყოფილი თანხა,  ამის გარკვევა, კომპეტენტური სამსახურების პრეროგატივაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა