|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მსხვერპლისგან ჯილდოებს ვერ მივიღებთ"


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომ ცხელ წერტილში მომუშავე ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი, გურამ როგავა მიიჩნევს, რომ "ხელისუფლების ასეთი ინიციატივები ნამდვილი ჟურნალისტისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს".

  "ჩვენ არ ვართ გმირები იმის გამო, რომ ცხელ წერტილებში ვმუშაობთ და ხშირად მართლა სიცოცხლის ფასად გვიწევს ახალი ამბების მოყოლა. ეს ჩვენი საქმეა, თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. პროფესია გააზრებულად ავირჩიეთ, მაგრამ არასდროს გვქონია მოლოდინი, რომ საქმის კარგად გაკეთებისთვის პოლიტიკოსები მედლებს ჩამოგვიკონწიალებდით ტალახიან მაისურებზე ან სხვა ჩამორჩენილი ქვეყნების მსგავსად "დამსახურებული ჟურნალისტის" სტატუსს მოგვანიჭებდით, გვაჩუქებდით ბინებს ან დაგვიფარავდით კრედიტებს, როგორც ამას ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში აკეთებდით.

სარისკო ადგილებში მუშაობა არ არის გმირობა, ეს ჩვენი ყოველდღიურობაა, რუტინაა, რომელსაც არ სჭირდება პომპეზური დაჯილდოების ცერემონიალები მთავრობის კანცელარიაში. ჟურნალისტებს ის უფრო გაგვიხარდება, მწვავე შეკითხვების დასმის დროს ამომწურავი პასუხები გაგვცეთ და არ გვლანძღოთ იმის გამო, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან გელაპარაკებით.

ნუ გწყინთ, როცა გესხმით თავს და შეცდომებზე მიგითითებთ.

დიახ, ჩვენ მტაცებლები ვართ და თქვენზე ვნადირობთ, ჩვენი ნადავლი ის პოლიტიკოსები არიან, ვინც საზოგადოებას ატყუებენ, წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებენ...

ჩვენ მტაცებლის ინსტინქტი გვაქვს და პოტენციური მსხვერპლისგან ჯილდოებს ვერ მივიღებთ.

მოკლედ, არ ვიცი, ჩემი რომელი კოლეგა დათანხმდება ხელისუფლების ამ საჩუქარს, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ მედლის დაკიდებით, თქვენ საკუთარ პროფესიას დაიკიდებთ.

მე კი მგონია, რომ ჩვენი პროფესია ამას არ იმსახურებს. მთავრობისგან "ქვეყნის დამსახურებული ჟურნალისტის" სტატუსის მინიჭებით თქვენ დაკარგავთ მტაცებლის ინსტინქტებს, იმ ფისოებად იქცევით, პატრონს რომ ეხახუნებიან ფეხებზე და მოფერებას, თავზე ხელის გადასმას სთხოვენ", -წერს  სოციალურ ქსელში გურამ როგავა.

შეგახსენებთ, პრემიერმა განაცხადა: "მაქვს იდეა, გამოვარჩიოთ ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტები, რომლებიც იმ ღამეს, 13 ივნისს მუშაობდნენ ობიექტებზე. ყველაზე ცხელ წერტილებზე და მე ასევე მაქვს ინიციატივა, რომ ეს ჟურნალისტები დავაჯილდოვოთ, განსაკუთრებით აღვნიშნოთ მათი ჩართულობა და მათი წვლილი. რომ არა ისინი, რა თქმა უნდა ბევრი ფაქტი დარჩებოდა აღურიცხავი და მოსახლეობა ვერ გაიგებდა იმ გმირების შესახებ, ვერ გაიგებდა მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს".



ავტორი: ნიუპრესი