|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ვალდებული ვიყავი მებრძოლა იმ ქალებისთვის, რომლებიც იგივეს განიცდიან“

რენე 19 წლის არის, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობა ეუფლება. ოცნებობს მწერლობაზე და ჯერა, რომ ამას ოდესმე აუცილებლად შეძლებს.     არის ბლოგერი, უყვარს ფოტოგრაფია და  ავტოსტოპით მოგზაურობა. ამბობს, რომ  ამ დროს უბრალოდ მგზავრი ვარ, სადღაც შორს გაქცეული ჩემი თავისგან“... რენე ლესბოსელია და ჩვენი საუბარიც სწორედ ამ თემას უკავშირდება.

 

- რენე, როდის აღმოაჩინეთ თქვენი განსხვავებული ორიენტაცია?

- 17 წლის ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე, რომ რაც მჭირდებოდა, არ იყო ის. რასაც აქამდე ვაკეთებდი. მე ვერ განვიცდიდი ბედნიერებას ბიჭებთნ. შინაგანი დაძაბულობაც და დაბნეულობაც გაქრა, როცა მე ვიყავი გოგოსთან ერთად. აღარ ვიძაბებოდი, გულიც ისე მიჩქარდებოდა, თითქოს სადაც იყო გასკდებოდა. უბრალოდ, მე ვიპოვე ჩემი თავი..

- როგორია ცხოვრება საქართველოში თქვენთვის?

- მიყვარს ჩემი ქვეყანა და თავსაც აქ ვგრძნობ ისე, როგორც სახლში. სახლში, სადაც ბევრს კამათობენ, ჩხუბობენ, მაგრამ ყველაფრის  მიუხედავად ერთმანეთი ძალიან უყვართ. ჩემს ქვეყანაში ის თინეიჯერი ვარ, სახლიდან რომ უნდა გაქცევა, მაგრამ რაღაც აკავებს და თავად არ იცის, რა ძალა არის ეს. ალბათ, ისევ ის სიყვარული, რომელიც გაჭირვებისას ყოველთვის გვერდით ექნება.

-რა ტიპის პრობლემებს აწყდებით?

- პრობლემები ჩემი თავიდან მოდის და ჩემს თავში ბრუნდება ისევ. თუმცა, შემიძლია უბრალოდ არ ვუსმინო ადამიანებს.  ყველაზე მეტად მაწუხებს, როცა ჰომოფობების გარემოში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ კბილებით ვცდილობ თითოეული ჩვენგანის ღირსება დავიცვა, უბრალოდ ვხვდები, რომ აზრი არ აქვს მათთან ლაპარაკს. ყველაზე დიდი პრობლემა ტყუილია. ის, რომ ხშირად მიწევს მოვიტყუო. თითქმის ყველას გვიყვარს ჩვენი ოჯახი. იმისთვის, რომ ჩემები მშვიდად იყვნენ, პერიოდულად ვიწყებ ვინმე ბიჭის ხსენებას და მერე სიყვარულის ისტორიასაც ვყვები, ეჭვი რომ არ შეეპაროთ ჩემში. ჩემებიც ჰომოფობიურად არიან განწყობილი. ჰომოსექსუალების უფლებებზე ვლაპრაკობდი, ბებომ მკითხა: „სულ რატომ იცავ, შენც ხომ არ ხარო?“ ვუპასუხე - „კი, ბებო, ვარ-თქო“ და გავუცინე,  ხუმრობად მიიღო.  ჩემთვის ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია ვაყრიდე თვალებში ნაცარს იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს.

- ­ვინ გეხმარებათ პრობლემების დაძლევაში?

- ყველა პრობლემის მოგვარება თავად მიწევს.  გამიმართლა და კარგი მეგობრები მყავს. მათ ჩემი ორიენტაცია მიიღეს, მაგრამ ამას ხშირად სერიოზულად არ აღიქვამენ, რადგან გასართობი ჰგონიათ, რომელიც მოვიგონე.  ვცდილობ დრო მეგობრებთან ერთად გავატარო, რადგან მათთვის სულერთია, როგორი ვარ. მათთვის მათი „შეშლილი მეგობარი“ ვარ უბრალოდ.

-თუ გამხდარხართ ძალადობის მსხვრეპლი?

-  ვერბალური ძალადობის ფაქტები უფრო ხშირია რათქმაუნდა, თუმცა  ჩემი თავის აღმოჩენის პროცესში მე უფრო მეტად ვძალადობდი საკუთარ თავზე, ვიდრე ვინმეს შეეძლო ეძალადა ჩემზე. ერთხელ ერთ ბიჭს ვთხოვე, სახლში გავეყვანე, საღამო იყო და მეჩქარებოდა. ჩემს უბანში ბევრი მიტოვებული ადგილია. ჰოდა, უცებ მანქანამაც სწრაფი ტემპით შეუხვია ასეთი ადგილისკენ...  ყველანაირად ვცდილობდი, შემეჩერებინა. აზრი არ ქონდა არც კივილს, არც არაფერს. ვერც თავის ვიცავდი, არაფერი იყო გარშემო... გავჩერდი, თვალები დავხუჭე და ვცდილობდი, წარმომედგინა, რომ მე იქ არ ვიყავი, რომ მე არ ვიყავი. ყველაზე მეტად მისი კმაყოფილი სახე მძულდა. ხშირად შურისძიებაზე ვფიქრობდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ადამიანები უბრალოდ, ზოგჯერ ვერ ხვდებიან რას აკეთებენ. ჩვენ მათ უნდა ვაპატიოთ. შურისძიება გამოსავალი არაა. მივხვდი, რომ ვალდებული ვიყავი მებრძოლა იმ ქალებისთვის, რომლებიც იგივეს განიცდიან და ასეთი უამრავი აღმოჩნდა ჩემს სამეგობროშიც კი.

- თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება?

- მე ვფიქრობ, საქართველოში განწყობა ნელ-ნელა იცვლება და ახალგაზრდებიც თანხმდებიან, რომ არავის აქვს ერთმანეთის საქმეში „ცხვირის ჩაყოფის“ უფლება. ის ადამიანები, რომლებიც  ჰომოფობიური განწყობით ყველასგან გამოირჩევიან, განვითარების ისეთ დონეზე დარჩებიან, როგორზეც ახლა არიან და ცხოვრება მათ ფსკერზე მოაქცევს.  ყველაფერი ერთბაშად არ მოხდება. მითუმეტეს, საქართველოში. ჩვენ უნდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ეს გარყვნილება არაა; რომ ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ, რომელიც კანონის წინაშე ერთნაირად თანასწორნი ვართ და ყველანი ბოლოს ერთ საქმეს ვემსახურებით. საზოგადოება დროთა განმავლობაში მიიღებს ამას. მათი ჰომოფობია ჩემი აზრით, უფრო ქსენოფობიაა. ვთვლი, რომ ახლა ყველაფერი დროის ამბავია და ეს ყველაფერი გარდაუვალია.

-რას ეტყოდით ხალხს, საზოგადოებას ?

- გაიღიმეთ მეგობრებო!.. წაიკითხეთ მეტი, იყავით უფრო გახსნილები და ნუ გეშიანიათ, რომ ვინმე გულს გატკენთ, ნუ ავუშენებთ ერთმანეთს კედლებს. ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ჰომოფობებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვცდილობთ ეს პროპაგანდად ვაქციოთ და თუ თქვენი შვილი გკითხავთ - რა არის ეს, უპასუხეთ, რომ ეს ცხოვრებაა და ასეა მსოფლიო მოწყობილი. ნუ ეტყვით, რომ ეს არაა ნორმა; რომ ისინი უნდა გვძულდეს. ის გაიზრდება და   შემდეგ თავად იპოვნის  პასუხებს.

-ახერხებთ თუ არა საკუთარი თავის რეალიზებას? 

- ვსწავლობ და ვმუშაობ. გამიმართლა, რომ კარგი სამსახური მაქვს და მათ ჩემი გონებრივი შესაძლებლობების გამო ამიყვანეს. იგივეს რამდენიმე ჩემს თანამშრომელზე ვერ ვიტყოდი, რადგან ეთიკური იქნებოდა შეეკავებინათ ჩემთან თავი.

-გიფიქრიათ თუ არა საქართველოდან წასვლაზე?

- საქართველოდან წასვლაზე ყოველდღე ვფიქრობ. წლებს ვითვლი უკვე დიდი ხანია - დაახლოებით 8 წელია, კიდევ 2 წელიც და წავალ...  სულ ვოცნებობდი გერმანიაში მეცხოვრა. ახლა დარწმუნებით ვიცი, რომ უნდა წავიდე აქედან. ვიცი, დავბრუნდები, მაგრამ ჯერ უნდა წავიდე. ახლა შეყვარებული მყავს. მას და მე ერთად გვინდა გადასვლა, მაგრამ ოჯახი პრობლემებს მიქმნის და არც მჯერა, რომ დამრთავენ ნებას გადავიდე მარტო. არ მინდა ჩემი სურვილები ოჯახთან კამათის მიზეზი გახდეს. ახლა ყოველდღე უფრო მეტად ვფიქრობ, რომ უნდა წავიდე, რომ მეშინია ამ ქვეყანაში დარჩენის და არ მაქვს ძალა, დავდგე ოჯახის წინააღმდეგ.  მცხვენია, რომ საკუთარი ბედნიერების გამო აქედან წასვლა მიწევს.

-რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

-საკუთარ,ი დიდი  სახლი ბევრი ფინჯანით, ღვინით და „ჟელიბონებით“..  ოჯახი, რომელსაც მიიღებს საზოგადოება. ვიყო კარგი მწერალი და ჟურნალისტი, მყავდეს ბევრი ძველი მეგობარი და შევძლო ყველა დასახული მიზნის მიღწევა. ჰო, კიდევ ვოცნებობ ზემფირასთან დამეგობრებაზე. 


პროექტის მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“

 

ავტორი: ია ბობოხიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა