|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლობა, შეიძლება მართლაც გახდეს საქართველოს „ირანიზაციის“ საფრთხის ფაქტორი“

პოსტ-საბჭოთა საქართველოში ოცწლიანი ეჭვების, ძიებების, რევოლუციების, ომების, ხელისუფლებების ცვლის პერიოდში იყო (და არის) გზა (ინსტიტუცია, დაწესებულება), რომელსაც ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი უაპელაციოდ ენდობა. ნაკლებად იძიებს, ნაკლებ კითხვებს სვამს მის გარშემო, განსაკუთრებით ბოლო ხანებში. თუმცა კითხვები მაინც არსებობენ. ასევე არსებობენ ადამიანები, რომელთაც მათზე პასუხები გააჩნიათ. newpress.ge-ს სტუმარია ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.

- რა ჰქვია იმ გზას, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ბოლო წლებია ადგას და სად შეიძლება მან მიიყვანოს ამ ფართო გზაზე მავალი უმრავლესობა?

- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთი თუ არა, მთავარი მიზანი შეუზღუდავი ძალაუფლების მოპოვება და სიმდიდრის მოხვეჭაა. მას სურს იყოს ერთადერთი და უმაღლესი ავტორიტეტი როგორც სასულიერო, ასევე ყოფით და საერო სფეროებში. ამიტომაც ის გამალებული, თანაც საკმაოდ აგრესიული ფორმითაც ცდილობს, ერთი მხრივ, ადამიანების მანიპულაციას, მათი ფსიქიკური სისუსტეების გამოყენებით, პირად ცხოვრებაში უხეშ შეჭრას და ცნობიერების მოდელირებას. მეორე მხრივ, ის უკვე ორი ათეული წელია ზეწოლას ახორციელებს სახელმწიფოზე უფრო მეტი ქონებისა და გავლენის სფეროების მოსაპოვებლად.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც დღეს ფაქტობრივად არანაირი ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია, სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ უწიგნური და ელემენტარულ განათლებას მოკლებულია, სამაგიეროდ მოსახლეობის დიდ ნაწილში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, ქვეყნის განვითარების მთავარი შემფერხებელი ფაქტორია.

- რა რელიგია, უფრო სწორად რა იდეოლოგია იქადაგება დღეს საეკლესიო კათედრებიდან?

- თანამედროვე ქართულ მართლმადიდებლობას მე რელიგიას, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ვერც ვუწოდებდი. ესაა ნევროზის კოლექტიური ფორმა (თუმცა ფსიქოანალიტიკური თეორიებისათვის რელიგია ისედაც კოლექტიური ნევროზია), რომელიც არათავისუფალი, ტოტალიტარული ცნობიერებისა და ყოფის ფორმების დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის კულტი სტალინის პიროვნების კულტის რეანიმაციაა. ამის დანახვა ელემენტარულ ყოფით სფეროებშიც მარტივად შეიძლება, სადაც, მაგალითად, სუფრაზე პატრიარქის სადღეგრძელო სტალინისას ჩაენაცვლა. ის ისეთივე ბრმა ავტორიტეტია, როგორც ერთ დროს სტალინი იყო. თავისი ამგვარი ფუნქციით ილია მეორე ბელადს უფრო ჰგავს, ვიდრე რელიგიური ინსტიტუციის მეთაურს, თანაც XXI-ე საუკუნისას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამბიონებიდან ძირითადად სიძულვილი, შეუწყნარებლობა, ეთნიკური და რელიგიური შუღლი, უმეცრება და სიბნელე იფრქვევა. Youtube-ზე უხვად მოიპოვება ქართველი სამღვდელოების ქადაგებები, რომელთა დიდი ნაწილი შიზოფრენიულ ბოდვას უფრო ჰგავს, ვიდრე ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანის მსჯელობას.

- რამდენად არსებობს „მართლმადიდებლური ირანიზაციის“ საფრთხე საქართველოში?

- „ირანიზაციის“ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი 2002 წლის საკონსტიტუციო შეთანხმება იყო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის, რომლის მეშვეობითაც ეკლესიამ განსაკუთრებული პრივილეგიები და საზოგადოებასა თუ სახელმწიფოზე ზეწოლის სამართლებრივი უფლებები მოიპოვა. მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანმა მმართველობამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მძლავრ ფეოდალად აქცია, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან წამოსული ზოგიერთი სამართლებრივი ცვლილების ინიციატივა მართლაც თეოკრატიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება შეფასდეს.

საქართველოს პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლობა, პოპულიზმი და გონებრივ თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობათა დეფიციტი, მათი უპრინციპობა და არაშორსმხედველობა შეიძლება მართლაც გახდეს საქართველოს „ირანიზაციის“ საფრთხის ფაქტორი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული ღირებულებები იმდენად უსუსურია, რომ მას ეკლესიიდან მომავალი აგრესიული ობსკურანტიზმისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. ამდენად, საფრთხე რეალური მგონია.

- თუკი დასავლური დემოკრატიული ღირებულებები ქრისტიანობას ეყრდნობა, რატომ ქადაგებს ქართველ მართლმადიდებელ-ქრისტიან სასულიერო პირთა გვარიანი ნაწილი ანტიდასავლურ განწყობებს  და დასავლური ღირებულებების სრულ  მიუღებლობას?

- დასავლური დემოკრატიული ღირებულებები ანტიკურ საბერძნეთში ჩაისახა და მან ქრისტიანული მოძღვრებიდან თანასწორობა, სოლიდარობა, სოციალური ღირებულებები გადაიღო, თუმცა ეს არ მომხდარა მექანიკურად და საამისოდ დასავლურ ცივილიზაციას ჰუმანიზმის, რეფორმაციისა და განმანათლებლობის ეპოქებში გავლა მოუწია. ამ ეტაპების გაუვლელად და კიდევ იმ ტოტალიტარიზმების (ნაციონალ-სოციალიზმი, ფაშიზმი) დაძლევის გარეშე, რომლებიც ასევე ქრისტიანობიდან იღებენ სათავეს, დასავლური დემოკრატია წარმოუდგენელი იქნებოდა. მსგავსი მოვლენები აღმოსავლურ ქრისტიანობაში (მართლმადიდებლობაში) არ მომხდარა. საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებების თანახმად, საბჭოთა ტოტალიტარიზმი, განსაკუთრებით სტალინიზმი, სახეცვლილი მართლმადიდებლობა იყო. ამდენად, მართლმადიდებლობლური ეკლესიისათვის დასავლური ღირებულებების მიუღებლობა სრულიად ლოგიკური მგონია.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი