|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტაბლოების არარსებობას ქუთაისის მერიის სამსახურები ერთმანეთს აბრალებენ

ქუთაისში ავტობუსების და მიკროავტობუსების გაჩერებებზე საინფორმაციო დაფები, კომუნისტური ეპოქის შემდეგ, იშვიათობას წარმოადგენს. ვიდრე აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე ქალაქში რომელიმე უწყება იზრუნებდეს, მანამდე მგზავრები ერთმანეთისგან გადაცემული ზეპირი ინფორმაციის იმედად რჩებიან.    

როგორც newpress-ისთვის გახდა ცნობილი, თბილისური კომპანია „აზრი“ ქუთაისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებებზე ელექტორონული საინფორმაციო ტაბლოების განთავსებას გეგმავდა. თუმცა, ქუთაისის მერიამ გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების დამონტაჟებაზე უარი თქვა.

2011–2012 წლებში კომპანია „აზრმა“ თბილისის მასშტაბით ელექტრონული ტაბლოები 850 ადგილზე დაამონტაჟა. დედაქალაქში არსებული ტაბლოები მგზავრებს ერთდროულად რამოდენიმე სახის ინფორმაციას აწვდიან (სატრანსპორტო საშუალების ნომერი, მოსვლის დრო და მიმართულება). „აზრი“ ერთ ტაბლოს 1200 აშშ დოლარად ამონტაჟებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის შესახებ ინფორმაცია რეგიონებსაც წარუდგინეს, თუმცა ამას თვითმმართველობების მხრიდან დაინტრერესება არ მოჰყოლია.

2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში კი საზგაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 1 517 000 მლნ ლარია გათვალისწინებული.

დღესდღეობით, ქუთაისში გაჩერებებზე არანაიარი სახის საინფორმაციო დაფა არ არსებობს, რომლებიც მოქალაქეებს მიანიშნებს ამა თუ იმ გაჩერებაზე, რომელი სახეობის ტრანსპორტი ჩერდება.

გამონაკლისის სახით, წითელ ხიდზე არსებული გაჩერება ქალაქში ერთადერთია, სადაც საინფორმაციო დაფა არსებობს, თუმცა ძნელია მიხვედრა რომელ წელს და რომელი ხელისუფლების დროსაა დამზადებული.

ქალაქის განვითარებისათვის აუცილებელი ატრიბუტის მოწესრიგებისთვის მერიის ტრანსპორტის სამსახური კეთილმოწყობის სამსახურისკენ იშვერს ხელს, ხოლო ეს უკანასკნელი კი პირიქით.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ლევან ჭანჭალეიშვილს, რამდენიმედღიანი ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, საინფორმაციო დაფების მოწესრიგების თემა მოძველებულად მიაჩნია. ჭანჭალეიშვილი დასძენს, რომ აღნიშნული საკითხების მოგვარება მისი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის და ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის პრეროგატივაა.

ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნიკა კეპულაძე თავის მხრივ აცხადებს, რომ გაჩერებებზე საინფორმაციო დაფების მოწყობა მისი სამსახურის კომპეტენციას არ წარმოადგენს და ამ საკითხს კეთილმოწყობის სამსახური აგვარებს.

თუმცა, როგორც გაირკვა, ტრანსპორტის სამსახური ჯერ სატრანსპორტო საშუალებების მიერ გადაყვანილი მგზავრთა ნაკადის რაოდენობის დათვლაზე არიან ორიენტირებული.  მიმდინარე წელს ამ მიზნით სატრანსპორტო საშუალებებში GPS სისტემის დამონტაჟებაა დაგეგმილი.  მისი  წყალობით ტრანსპორტის სამსახურში ადვილად გააკონტროლებენ სატრანსპორტო საშუალებას რა რაოდენიბის მგზავრთა ნაკადი გადაჰყავს.

ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ნიკა კეპულაძის ინფორმაციით, ქუთაისში ამ ახალ ინოვაციას აზიის განვითარების ფონდი დააფინანსებს. ამ ორგანმიზაციის წარმომადგენლებსა და ქუთაისის მერიას შორის შეხვედრა,სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება. 

ავტორი: დეა მანაგაძე