|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიზნესსექტორი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას“ მომზადებული შეხვდა (R)

სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ახალი მთავრობის ერთ – ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლება, მიმდინარე წელს, ამ სექტორში დიდი ფინანსური კაპიტალის მოზიდვას ვარაუდობს. სოფლის მეურნეობის გამოცოცხლების მიზნით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში იაფი და გრძელვადიანი სესხის გაცემა უკვე მიმდინარეობს. პროგრამის გახორციელება მარტის ბოლოს დაიწყო.

11 აპრილის მონაცემებით, პროგრამის მეორე კომპონენტში – 21, მესამეში კი 2 სესხია დამტკიცებული. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, ბანკები, ჯამში, 216 ბიზნესს განაცხადს განიხილავენ. აქედან – 193 მეორე კომპონენტის სესხის გაცემას ითვალისწინებს, დანარჩენი 23 კი – მესამე კომპონენტისას.

„აქ საუბარია პერსპექტიულ განაცხადებზე, რომელთა უდიდესი ნაწილიც დაფინანსდება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს უპროცენტო განვადების გაცემაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების მიერ. მაღალია მოთხოვნა მე-2 კომპონენტის სესხებზე, თუმცა მესამე კომპონენტისთვის უკვე დამტკიცებულია 2 სესხი და 23 პერსპექტიული განაცხადია განხილვაში, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებით რომ პროექტი სულ 2 კვირაა, რაც მიმდინარეობს“, – გვითხრა შალვა ფიფიამ.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ გასახორციელებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მუშაობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო. შეხვედრები იმართებოდა ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე სოფლის მეურნეობის საწარმოო საშუალებების მიმწოდებლებთან. მათთან კონსულტაციის საფუძველზე, პროექტის 3 კომპონენტი გამოიკვეთა.

პირველი კომპონენტი მცირე ფერმერებს საშუალებას აძლევს 5000 ლარის ფარგლებში 6-თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მიიღონ. იმ შემთხვევაში, თუ კი ფერმერები კრედიტს 6 თვეში ვერ დაფარავენ, ყოველ მომდევნო თვეში მათ 3 პროცენტის გადახდა მოუწევთ.

უპროცენტო განვადებით სარგებლობისას, მაღაზია ფერმერს შესასყიდი პროდუქციის საფასურის ანგარიშს (ინვოისს) გამოუწერს, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი აანაზღაურებს. 

საფინანსო ინსტიტუტსა და მაღაზიას შორის მოლაპარაკების შედეგად, ფერმერს/მეწარმეს საშუალება ეძლევა, პროდუქციის წარმოების სრული ციკლის განმავლობაში, გამოიტანოს მაღაზიიდან მისთვის საჭირო საწარმოო საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები, გარდა სასუქისა. მაღაზია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ფასდაკლებას უკეთებს. თუ ფერმერი მაღაზიიდან მაგალითად, პირობითად 3000 ლარის ღირებულების პროდუქციას გაიტანს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მას 2950 ლარს გადაუხდის. მათი მოგება სწორედ ეს 50 ლარია. მაგრამ ფერმერი მაღაზიაში 3000 ლარის პროდუქციას საკუთარი ფულით თუ შეიძენს, მას ფასდაკლება არ შეეხება.

მეორე კომპონენტი საშუალო და მსხვილ ფერმერებზეა გათვლილი, რომელიც ითვალისწინებს 5000-დან 100 000 ლარამდე 2-წლიანი აგროკრედიტის გაცემას. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტზე მაღალი არ იქნება. მისი მიზანია საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით.


მესამე კომპონენტი 1 მლნ ლარამდე (ექვივალენტი აშშ დოლარში) სესხს შეადგენს. ეს არის აგროსაწარმოებისთვის განკუთვნილი 7 წლამდე შეღავათიანი აგროკრედიტი. მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 3 პროცენტი იქნება. აგროკრედიტი ითვალისწინებს ძირითადი საშუალებებისა და ტექნოლოგიების ხანგრძლივი პერიოდით დაფინანსებას... სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული მესამე კომპონენტი, მინიმუმ, 60 საწარმოს გახსნას ითვალისწინებს.


„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ აფინანსებს. მისი განმახორციელებელი კი „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოა“. ბანკების მიერ დამტკიცებულ პროექტზე დარიცხული პროცენტი, მაგალითად, 17 პროცენტი 2 ნაწილად იყოფა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი და სააგენტოს მიერ გადასახდელი თანხა. როგორც კი ბენეფიციარი თავის ვალდებულებას შეასრულებს, მეორე დღესვე სააგენტო მის წილ პროცენტს გადარიცხავს.


„ვითიბი ბანკში“ აცხადებენ, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში, აგროსესხის მისაღებად მცირე და საშუალო ფერმერებისა და მეწარმეების აქტივობა საკმაოდ მაღალია. პროექტის გახორციელების პროცესში „ვითიბი ბანკი“ პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთო. დღეისთვის, დამტკიცებულია 35-მდე სესხი, აქედან, 20-ზე მეტი უკვე გაცემულია. ამ მომენტისთვის ბანკში 100 -ზე მეტი განაცხადია წარდგენილი. „შემოსული განაცხადების უმეტესობა მე-2 და მე-3 კომპონენტს ეხება. ჯამში, ამ პროექტის ფარგლებში, „ვითიბი ბანკის“ მიერ დამტკიცებული და გაცემულია 2 მილიონ ლარამდე სესხი. სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შემუშავდა სესხის გაცემის ახალი პროცედურები, რამაც მნიშვნელოვნად შეამოკლა განაცხადის განხილვის და სესხის გაცემის ვადები,“ – აღნიშნეს „ვითიბი ბანკში“.


ქართულ საბანკო სექტორში აცხადებენ, რომ ბიზნესწრეები „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ გახორციელებას მომზადებული შეხვდნენ. „უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესსექტორი საკმაოდ ორგანიზებულად შეხვდა პროექტის გაშვებას. შემოსული ბიზნეს გეგმების ძირითადი ნაწილი დამუშავებულია საკმაოდ კვალიფიციურად და დეტალურად. გარდა ამისა, გამართული ბიზნეს გეგმის შესადგენად შესაძლებელია ფერმერმა და მეწარმემ დახმარებისთვის მიმართოს „ვითიბი ბანკის“ ბიზნეს ანალიტიკოსებს, რომლებიც მათ კონსულტაციას და დახმარებას გაუწევენ“, – გვითხრეს „ვითიბი ბანკში“.


„შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში, ამ ეტაპზე, 200 ათასი ლარის სესხი აქვს გაცემული „პროკრედიტ ბანკს“. ჯამში, 15-მდე სესხია დამტკიცებული. დამუშავების პროცესშია 3 მლნ ლარამდე სესხი, რომლებიც ძირითადად მე-2 კომპონენტს ეხება. „პროკრედიტ ბანკში“ ამბობენ, რომ ფერმერებსა და მეწარმეებს ბიზნეს გეგმას არ სთხოვენ: „ბიზნეს გეგმას არ ვთხოვთ. ჩვენ მათ ვეხმარებით თავიანთი ზოგადი ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებაში“,– ამბობს „პროკრედიტ ბანკის“ აგრორისკმენეჯერი გიორგი გავაშელიშვილი

აფინანსებენ თუ არა ბანკები იმ პოტენციური ბენეფიციარის ბიზნეს გეგმას, რომელსაც წარსულში ბიზნესი არ ჰქონია და ბიზნესსაქმიანობას სწორედ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში იწყებს? „ვითიბი ბანკში“ აცხადებენ: „დიახ, სტარტაპის დაფინანსებაც შესაძლებელია, როგორც იცით, პროექტის მე -3 კომპონენტი სწორედ ახალი საწარმოების შექმნას ითვალისწინებს. „ვითიბი ბანკი“ მზადაა განიხილოს კლიენტების მიერ წარმოდგენილი ყველა პროექტი“.

„პროკრედიტ ბანკი“ სტარტაპებს იმ შემთხვევაში აფინანსებენ, თუ კი კლიენტს რაიმე შემოსავლის წყარო გააჩნია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია აცხადებს, რომ, თითოეული ინდივიდუალური შემთხვევა ბანკების განსახილველია, რადგანაც „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ არ შედის სესხების ადმინისტრირებაში არცერთ ეტაპზე. მისივე განმარტებით, „ბიზნეს გამოცდილების არარსებობის შემთხვევაში ბანკებში შეაფასებენ რისკებს და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“.

ამ ეტაპზე, ბანკებში სესხის გაცემის პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბანკების მხრიდან პოტენციურ ბენეფიციარებს პრობლემები არ ექმნებათ. „დღეის მდგომარეობით ასეთ პრობლემებზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ბენეფიციარებისთვის პრობლემების შექმნა არაა ბანკების ინტერესში, პირიქით, მათ ინტერესებშია მაქსიმალურად დიდი პორტფელი გასცენ და საკუთარი მოგება გაზარდონ, თუმცა ეს კომერციული პროექტია, კაპიტალური რისკის უდიდესი ნაწილი ფინანსური ინსტიტუტებისაა და ისინი დააფინანსებენ მხოლოდ მდგრად, ეკონომიკურად მომგებიან პროექტებს,“ – აცხადებს შალვა ფიფია.

 

 

ავტორი: პრესსამსახური