|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერილი ჯარიდან - აქ ისვრიან დედა!

"დედა, იცი, აქ ისვრიან, სულ ისვრიან. მართლა ისვრიან. ეს ტყვიებიც მართლა კლავს. ბიჭები, ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან. დედა..," – ასე იწყება წერილი რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა. newpress.ge ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


"დედა, იცი ხუთი დღის წინ პირველად მოვკალი კაცი, მეც ვესროლე. დედა, ეს ჯოჯოხეთია, სადაც უნდა გადარჩე, სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ. უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრი გაცივდა. დედა, ჩამქრალი თვალები დამჩემდა. ღამით წითელი ტყვიების ქროლვა მესიზმრება და ბიჭების ხმა მესმის დედა. ვიტირე, ოღონდ ვეღარ განვიცდი დედა, ვხედავ და აღარ მტკივა, სისხლი მდის და ვხევდები.

იცი, ხუთი დღის წინ ირაკლი მოკლეს. ხომ გახსოვს იკა, ერთად ვსწავლობდით. მხიარული ბიჭი. შენ ხომ გახსოვს დედა როგორ ვმეგობრობდით. უნდა გახსოვდეს, თორემ მე თუ გადავრჩი ვიცი, ბევრი აღარაფერი მემახსოვრება.

თავიდან უნდა მოვიწყო ჩემი ცხოვრება. მე მხოლოდ გასროლიდან გასროლამდე ვცოცხლობ. ხუთი დღის წინ ირაკლისაც დაასწრეს დედ. ვერ მოასწრო სროლა. გახედა, არ ესროლა. იარაღი დაუშვა დედა. ვაჟკაცი ბიჭი იყო, მისი მოკვლა საცოდაობას დაატრიალებდა და არ მოკლა. მანაც დაუშვა იარაღი, დაინდეს ერთმანეთი. იკამ გამომხედა და აცრემლებულმა მითხრა, ამის მოკვლა საცოდაობაა, შეხე რა ბიჭია, ეს რომ მოვკლა რა ნამუსით ვიცხოვროო და გაიღმა. ხომ გახსოვს დე, როგორი ღმილი ჰქონდა. მაგრამ, სხვებმა არ დაინდეს! სხვამ ესროლა იკას! და ღიმილიანი დავარდა.. აღარაფერი აღარ უთქვამს. ირაკლის სისხლის სუნი დადგა ჰაერში. იქ ცოდვის დღე დატრიალდა, დე. იცი რა მოხდა? იმან, იმ ბიჭმა, თავისიანი მოკლა, არ დაინდო, არ აპატია ომის მეგობარი რომ მოუკლეს, არავის აპატია! მერე ის გაგიჟებული აირბინა დე და მოერიდნენ. ვერ მოვითმინე, ვერ მოვითმინე, ხომ გესმის ჩემი? შენ უნდა გესმოდეს, სხვა გზა არ გაქვს. უნდა გესმოდეს, რომ ერთდროულად ორი კარგი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან. ..და ვისროლე, ვისროლე და ტყვიას გავყევი. მთელი სული ჩავატანე, მიზანს ვერ აცდებოდა, არ ქონდა უფლება რომ ასცდენოდა, არა!ვიგრძენი რომ გაიარა ცივი ჰაერი, კვამლი, როგორ გააპო ჰაერში გზად შემხვედრი ფიფქები. მეც დავასწარი სხვას. და მერე გაისმა ხმა, ის საშინელება, რომელიც ყოველ ღამით მესმის. ამ ხმას ვერანაირი სხვა ვერ შეედრება.
 
22-25 წლის ჯერ კიდევ ნორჩი შუბლის ძვალი გატყდა დედა! და ის ტყვია მე ვიყავი. ის ღამე არ დამძნებია დედა. ორივე გამოვიტირე. დილით უკვე ცარიელი ვიყავი და ომმა ისევ დამტენა, როგორც ცარიელი ტირი. სიკვდილის ისრებით გამავსო. ბევრის თვალებში ჩავაქრე სინათლე, ბევრს ვანანე დაბადება, დედა.

მე შევიცვალე. მე აღარ მტკივა,მე აღარ ვნანობ.

ყველაფერი მავიწყდება ნელ-ნელა. იცი რა მენატრება? ჩვენს ნაძვებში მინდორზე წამოწოლა, ჩემ საყვარელ ბიძაშვილებთან ერთად ისევ ფაცხის აშენება მინდა. რომ ჩამოვალ, ავაშენებ დე.
 
დედა, თუ არ დავბრუნდი, ბევრი იტირე, ყველას გააგებინე, ყველამ იტიროს! ვიცი, რომ ბევრს დავწყვეტ გულს, ვიცი რომ ბევრი მოტირალი მეყოლება - ყველას უთხარი დე, რომ მამაცი შვილი გყავს, უნდა იამაყო დე, სხვა აღარაფერი დაგრჩენია, თუ სხვებმა დამასწრეს. მამამ იცის როგორ უნდა გაუძლოს, ის კაცია და ის გამიგებს. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. გაუფრთხილდი მამას.

დედა, შენი შვილი უკვე კაცია. ტყვიებში გაიზარდა. დედა, გული მწყდება.. მინდოდა ვინმე მეც მყოლოდა, ვისაც მოუნდებოდა ჩემთვის გულის გადაშლა, ვინც მომეფერებოდა, ვინც ჩემს მკლავზე დაიძნებდა, ვის თმებშიც თავს ჩავრგავდი, დედა! ბავშვები მინდოდა…ორი ბიჭი და ნაბოლარა გოგონა..მე ეს ვერ გამოვცადე დედა, ვერ ვიცხოვრე..

მე თუ ვერა, ბიჭები დაბრუნდებიან. ვინმე აუცილებლად დაბრუნდება. ის იყოს ჩემ მაგიერი. გადარჩენილ ბიჭებს მოეფერეთ. აქ ხომ ყველას ერთი დედა გვყავს, აქ ხომ ერთი სახელი გვქვია ყველას…

დედა, იცი აქ ისვრიან, სულ ისვრიან. მართლა ისვრიან, ეს ტყვიებიც მართლა კლავს. მე შევიცვალე. მე აღარ მტკივა, მე აღარ ვნანობ…

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა