|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაგავსაყრელი საძოვრებზე – ქუთაისთან ახლოს პირუტყვი იხოცება

საძოვრები, რომელიც ქუთაისთან ახლოს, ე.წ. ქვაშავის ტერიტორიაზე გადის, დაბინძურებულია.  აღნიშნული მიზეზის გამო, კი ადგილობრივ მოსახლეობას საქონელი ეწამლება.

ქვაშავის გზასთან მდებარე საძოვრები პოლიეთილენის ცელოფნებითა და სამშენებლო ნარჩენებითაა სავსე. რის გამოც, პირუტყვი, რომელიც მოსახლეობას აღნიშნულ საძოვარზე ყავს გაშვებული,  ხშირ შემთხვევაში კვდება.

,,აბსოლუტურად ჯანმრთელი საქონელი წაგვექცა და მოგვიკვდა. როცა პირუტყვი გავშიგნეთ, აღმოვაჩინეთ, რომ მას ლურსმანი ჰქონდა მუცელში და რა გადაარჩენდა. იგივე მოხდა ჩემი მეზობლების შემთხვევაში. ზოგი უეცრად მკვდარი საქონლის კუჭში „ცელოფნებს“, ზოგი კი სამშენებლო, ბასრ საგნებს პოულობდა,“ – ამბობს სოფელ ნაგარევში მცხოვრები ანდრო ზაქარაშვილი.

სოფელში მცხოვრებლების თქმითვე, სამშენებლო ნარჩენები და ნაგვით სავსე ტომრები, ქვაშავის გზაზე ქუთაისიდან ჩამოაქვთ და ყრიან.

,,ქალაქიდან ჩამოაქვთ ეს ნაგავი. მიზეზი ისაა, რომ რომ სამშენებლო ნარჩენების სპეციალურ სადგომზე გადაყრა ფული ღირს, აქ კი უფასოა. ამ ყველაფერს კი ჩვენი მარჩენალი საქონელი ეწირება, “ – ამბობენ სოფელში მცხოვრებლები.

ქვაშავის გზასთან ახლოს მდებარე სოფლების გოდოგნისა და ნაგარევის მკვიდრების თქმით, ისინი  პრობლემის მოგვარებას ერთ წელზე მეტია უშედეგოდ  ითხოვენ.

,,არაერთხელ მივმართეთ გამგეობას, როგორმე ეს ნაგვად ქცეული ტერიტორია კონტოლზე აეყვანათ. მაგრამ ჩვენს მოთხოვნებს შედეგი არასოდეს მოჰყოლია. ჩვენი სოფლები ყველაზე ახლოსაა  ქუთაისთან, მაგრამ ყველაზე დაჩაგრულები ვართ. ყურადღების ღირსად არავინ გვთვლის და უპატრონო წიწილებივით დავდივართ  აქეთ იქეთ,“  – ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა.

გოდოგნის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის, გია ამბროლაძის მტკიცებით, მან არაერთხელ მიიღო ქვაშავის ტერიტორიის გასაწმენდად  შესაბამისი ზომები.

,,ჩვენ ბევრჯერ მოვაწყვეთ შაბათობა, დავალაგეთ და დავასუფთავეთ ეს ტერიტორია, მაგრამ რამდენიმე დღეში, იგივე სიტუაცია დაგვხვდა. ამის შემდეგ ნიშნებიც გავაკეთეთ. ნიშნებზე ეწერა, რომ ნაგვის დამყრელი დაჯარიმდებოდა. თუმცა მეორე დღეს, ეს ნიშნები გაურკვეველმა პიროვნებებმა გააქვრეს,“ – განმარტავს ამბროლაძე.

მისივე თქმით, ქვაშავი ტერიტორია ცენტრალური გზაა, სადაც მოქალაქეები ყოველდღიურად მოძრაობენ. შესაბამისად,  დაცვის სხვა მექანიზმები, რაც  ტერიტორიის სისუფთავეს შეუნარჩუნებს, მისთვის უცნობია.

სისუფთავის შესანარჩუნებლად და ეკოლოგიური უსაფრთხოების დასაცავად,  როგორც სპეციალისტები ამბობენ, უმთავრესი სახელმწიფო კანონი და ადამიანის თვითშეგნებაა.  ,,იმაზე მეტი კატასტროფა რა შეიძლება იყოს, როცა სიბინძურის გამო, სოფელში მარჩენალი საქონელი უკვდებათ. თუმცა ეს სიბინძურე სხვა ეკოლოგიურ საფრთხეებსაც ქმნის. სოფელი ის ადგილია, სადაც სუფთა ჰაერი და ბუნებრივი   გარემო უნდა იყოს, მაგრამ  როგორც სჩანს, ჩვენმა უკულტურობამ სოფელიც დააზარალა,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დედამიწის მეგობრების“ დარბაზის წევრი, თემურ კეპულაძე.

მისივე თქმით, ეკოუსაფრთხოება და ნარჩენების მართვა, არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთელი საქართველოსთვის ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა. რაც სახელმწიფო კანონით, ნარჩენების მართვის პოლიგონის შექმნით და ადამიანების კულტურის გაუმჯობესებით უნდა მოგვარდეს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა