|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გასხვისებული სკვერები – ბიზნეს–ინტერესი თუ გამოსავლი?

ქუთაისის მერია, საკუთრებაში არსებულ სკვერებს (როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ)  ვერ უვლის, რის გამოც , მიწის ნაკვეთებს 20 წლიანი ვადით, აღნაგობის ფორმით ასხვისებს.

ამ დროისათვის უკვე გასხვისებულია ქალაქში არსებული 71 მიწის ნაკვეთი.  6 ობიექტს   კი ქალაქის მერია,  მიმდინარე წლის 17  სექტემბერს  აუქციონის წესით, სარგებლობის  უფლებით გასცემს.

აღნაგობის ფორმით  სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია განთავსდეს შენობა–ნაგებობა და  კომერციული მიზნით იქნეს გამოყენებული. ამის სანაცვლოდ,  მოიჯარე მხარე  ყოველწლიურად  მიწის ნაკვეთის  ღირებულების  გარკვეულ საფასურს იხდის. ეს უკანასკნელი კი, ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება.

ყოველწლიური მინიმალური  გადასახადი  1 კვ მ–ზე  3 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 12 ლარი. ამის გარდა, მოიჯარე მხარე  პასუხისმგებელია სკვერის მოვლა–პატრონობაზეც.

ამავე პირობით, ქუთაისის მერიამ,  სარგებლობის უფლებით (20 წლიანი ვადით)  მიმდინარე წლის ივლისში გაასხვისა ნიკეას ქუჩა #19–ში მდებარე 303 კვ მ  ფართობის  სკევრი.

ქალაქის მერია  აღნიშნული სკვერის გაიჯარებიდან ყოველწლიურად 1 515 ლარის ოდენობის  სარგებელს მიიღებს. მთლიანდ, 20 წლის განმავლობაში კი, ადგილობრივ ბიუჯეტში  30 300 ლარი შევა.

სკვერის ოფიციალური მეპატრონე, ამავე ქუჩაზე მცხოვრები  ზაზა ამბროლაძეა, რომელიც ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, რაულ ქორჩილავას ახლო ნათესავია.

არსებული ინფორმაციით, სწორედ, „პატრიოტი“ ქორჩილვა მოიაზრება მის რეალურ მფლობელად. თუმცა, თავად, ქორჩილავა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. ისევე, როგორც უარყოფს  ამბროლაძესთან ნათესაურ კავშირს.

„თქვენგან მესმის პირველად ასეთი რამ. არანაირი მიწის ნაკვეთი არ შემიძენია, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს.  ამბროლაძეს  ვიცნობ,  ის ჩემი  მეზობელია“, –  ამბობს რაულ ქორჩილავა.

მიწის ნაკვეთის  იურიდიული  მესაკუთრე  ზაზა ამბროლაძე კი, „ახალ გაზეთთან“ საუბარში განმარტავს, რომ სკვერზე მშენებლობის განხორციელებაში ქორჩილავას  მხარდაჭერის იმედი  აქვს.

„რაულ ქორჩილავასთან  ნათელ–მირონი გვაკავშირებს. ის წილში არ არის. თუმცა, მისი მხარდაჭერის იმედი მაქვს“, –  ამბობს ზაზა ამბროლაძე. 

მერიაში განმარტავენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ  იქნება გასხვისებული ფართობის მოსარგებლე მხარე. „მთავარია ჩვენი, ადგილობრივი თვითმმართველობის და მოსარგებლე მხარის ინტერესები დაემთხვეს. ჩვენ გვინდა მიტოვებული ტერიტორია მოწესრიგდეს, ხოლო მოიჯარეს ბიზნეს ინტერესი აქვს. ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიულ  ქვეყანას ვაშენებთ. გამოდის ორივე ვეხმარებით ერთმანეთს“, – ამბობს ცქიფურიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული საკითხით აქტივობა პოლიტიკური მიზნით არის ანგაჟირებული.

ქალაქში სულ 510–მდე  სკვერია. აქედან, ადგილობრივმა თვითმმართველობამ  მხოლოდ 38 სკვერის მოვლა–პატრონობაზე აიღო  პასუხისმგებლობა.

„მეტის მოვლის საშუალებას ადგილობრივი ბიუჯეტი არ გვაძლევს“, – ამბობს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი ზურაბ ზამბახიძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ  ქალაქის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ერთადერთი გამოსავალი მიტოვებული  სკვერების აღნაგობის ფორმით (სარგებლობის უფლებით)  გაცემაა. 

„ფაქტია, რომ ქალაქის მერია ვერ ახერხებს მწვანე საფარის და ე.წ. სკვერების მოვლა–პატრონობას.  მიწის ნაკვეთების  გასხვისების ერთ–ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. სკვერი პირობითად ჰქვია, თორემ ეს ადგილები გაპარტახებულია“, – ამბობს მერიის  ეკონომიკის  და ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსი მოვალეობის შემსრულებელი ბესო ცქიფურიშვილი.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ  სკვერების აღნაგობის ფორმით  გასხვისება კანონშესაბამისად და ასევე, ქალაქის სასიკეთოდ ხდება.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა