|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ „აპრავებს" ქუთაისის ქონებას - კორუფციული გარიგებები თუ ხელოვნურად „აწეული" თემა

ქუთაისის მერიამ საკუთრებაში არსებული 24 ტროტუარი პირდაპირი განკარგვის წესით 7-დან 30 -წლამდე ვადით გაასხვისა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ბრძანების (№1281) საფუძველზე მოხდა. 
გასხვისებული ობიექტების უკან კი ყოფილი ჩინოვნიკების ბიზნესინტერსები მოიაზრება.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული 24 ტროტუარიდან 12 ობიექტი შპს „მადლს" აქვს აღებული. შპს „მადლი" 2013 წლის აგვისტოში არის დარეგისტრირებული. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქუთაისის ყოფილი მერის და ამ დროისთვის, საპარლამენტო უმცირების წევრის, გია თევდორაძის ოჯახის ახლობელი, ლაშა ლანჩავაა. შპს „მადლმა" 12 ტროტუარის (საერთო ჯამში, - 159,5მ2 შეადგენს) მიღების სანაცლოდ, ადგილობრივ თვითმმართველობას ყოველწლიურად 1 700 ლარი უნდა გადაუხადოს. თავის მხრივ, „მადლს" აღნიშნულ ობიექტის კომერციული მიზნით გამოყენება შეუძლია. „სავარაუდოდ, მსუბუქი კონსტრუქცია განთავსდება. სადაც, ქსელური მარკეტების გაკეთება იგეგმება, რომელიც მომხარებელს ყველაზე იაფად მოემსახურება", - განმარტა „ახალ გაზეთთან" სატელეფონო საუბრისას შპს „მადლის" დამფუძნებლის, ლაშა ლანჩავას ძმამ, გოგა ლანჩავამ. თავად, ლაშა ლანჩავასთან დაკავშირება „ახალმა გაზეთმა" მრავალგზის მცდელობის მიუხედავდ ვერ შეძლო.
 რაც შეეხება, გია თევდორაძის მონაწილეობას აღნიშნულ საქმეში, ლანჩავა ირწმუნება, რომ ეს ასე არის. მისი თქმით, ლანჩავებს ბიზნესი მანამდე ჰქონდათ, ვიდრე გია თევდორაძე პარლამენტარი გახდებოდა. „ოჯახური ახლობლობის გამო, ბიზნესინტერესების დაკავშირება მე მგონი ლოგიკური არ არის. თევდორაძე შეიძლება ხვალ პარლამენტარი აღარ იყოს, მაგრამ ჩვენ ბიზნესი გვექნება", - განმატავს გოგა ლანჩავა.
შპს „მადლთან" ბიზნეს ინეტერებს თავად გია თევდორაძეც უარყოფს. თევდორაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფირმის არსებობის შესახებ ინფორმაციაც არ ქონდა. მისი თქმით, ლაშა ლანჩავას ძმა მისი მამის ნათულია. თუმცა, ლანჩავების ოჯახთან არანაირ ბიზნეს წილში არ არიან. „ეს ალბათ, მიზანმიმართულად არის გავრცელებული ჩემს საწინააღმდეგოდ. მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის ჩემ ოჯახს არანაირი ბიზნესი არ აქვს. მამა, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესით იყო დაკავებული, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის უმუშევარია", - ირწმუნება გია თევდორაძე.

ტროტუარების მოიჯარე კიდევ ერთი კომპანია შპს „საბაა". ქუთაისის მერიის 2013 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „საბამ" 30 წლიანი იჯარით ქუთაისში სულ 5 ობიექტი აიღო. აქედან ორი ობიექტი შპს „საბას" საკუთრებაში არსებული რესტორან „ტირიფების" მიმდებარე ტროტუარია, ხოლო დანარჩენი, ამავე ტერიტორიის მიმდებარე გზის მონაკვეთი. ხელშეკრულება ქუთაისის მერიასა და შპს „საბას" შორის 2013 წლის 16 ოქტომბერს დაიდო, საიდანაც ირკვევა, რომ ზ. გამსახურდიას №45-ში არსებული 167მ2 ტროტუარი შპს „საბამ" იჯარით 30 წლის ვადით აიღო. ხუთივე ობიექტში ფირმამ ადგილობრივ ბიუჯეტს 7210 ლარი წლიური ქირა უნდა გადაუხადოს. საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შპს „საბა" 2001 წელსაა დარეგისტრირებული. კომპანიის 50%–იანი წილის მფლობელია შპს „მფარველი", რომლის 100%–იან წილს იმერეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი და შსს მინისტრის მოადგილე, რუბენ ასანიძე ფლობს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ასანიძის წინააღმდეგ პროკურატურას შპს „საბას" დამფუძნელის, დავით სანიკიძის ოჯახმა მიმართა. 

საგამოძიებო უწყების მიმართ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასანიძემ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წევრის, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ვაშაძის ახლო ნათესავია (დეიდის ქმარი), დავით სანიკიძეს შპს „საბას" საწესდებო კაპიტალში 50%-ანი წილი იძულებით დაათმობინა. ოჯახის მტკიცებით, ასანიძემ მოგვიანებით მთლიანად დაისაკუთრა მათი კუთვნილი ბიზნესი რაც შეეხება, ქუთაისის მერიის მიერ გასხვისებულ დანარჩენ 11 ობიექტს, ისინი სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე არის გაცემული. რამდენად კანონიერად არის გაცემული ტერიტორიები და ვინ დგას ქუთაისის მერიის მიერ გაიჯარებული ობიექტების უკან? ამაზე კითხვის ნიშნებს ცენტრალურ ხელისუფლებაშიც სვამენ. უკვე ანონსდება, რომ ძალიან მალე, შესაძლოა, ქუთაისში კონკრეტულ პიროვნებებს ქონებები ჩამოერთვას და ამ დროისათვის აღნიშნულ საკითხებზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ავტორი: თეკლა მორგოშია