|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან სუთიძე - უნდა შევწყვიტოთ თვინიერი თვალებით მღვდლებთან საუბარი

ამდენად მნიშვნელოვანია, რომ საუბრებს რელიგიაზე ეთმობოდეს სატელევიზიო ეთერი? არის თუ არა საფრთხის შემცველი რელიგიის (კონკრეტულად მართლმადიდებლობის) კრიტიკა სააქართველოში? რამდენად იცავს "ტელევიზორში გამოჩენა" რელიგიურ კრიტიკოსს? 

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ტაბულას რელიგიური მიმომხილველი, გადაცემა „საუბარი რელიგიაზე“ ავტორი და წამყვანი, ლევან სუთიძე.

- რელიგიაზე გადაცემის გაკეთება  ალბათ დიდ რისკთან არ არის კავშირში, სამაგიეროდ რისკს უკავშირდება პოზიცია,  რაც თქვენს გადაცემას აქვს რელიგიის მიმართ - კრიტიკა და ანალიტიკა. რამდენად სახიფათოა ასე ვთქვათ "რელიგიური კრიტიკა" საქართევლოში? და როგორი იყო თქვენი მოლოდინები?

- ქვეყნის ყველაზე გავლენიან მედიაორგანიზაციებში რელიგიური ინსტიტუტების შესახებ ყველა მწვავე თემა მნიშვნელოვანწილად ტაბუირებული იყო და რჩება. არის ჟურნალისტის გამბედაობის კარგი მაგალითებიც, არის მთლიანად ტელევიზიის გამბედაობის მაგალითებიც, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ დუმილის კულტურა დაძლეულია და ნავსი გატყდა. ეკლესიისთვის, რომელსაც სტატისტიკურად ქართული საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა, დუმილი სათნოებაა და შესაბამისად პირის გაღებაც კი ცოდვად მიაჩნია. ცოდვილებს კი არც თუ იშვიათად მისდევენ ჩვენი ღვთივდაცული დედაქალაქის წმინდა მოედნებზე მამაო ჩვენოს მოძახილითა და დედის გინებით. ძალადობის რისკი რეალურია და ამის აღიარება სისუსტედ არ მიმაჩნია.

ისკუპებს რომელიღაც ქუჩას მოწყვეტილი და უეცრად სამღვდელო ოლარში შეყუჟული პირჯვარboy საკურთხევლიდან, აიწევს სტიქრის კალთას, გამოგეკიდება, ნახევარი საათის შემდეგ კი თავზე დაგადგება თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალბატონი, რომელსაც ბოლომდეც ვერ მიენდობი. რადგან ჩვენი მრავალი ექიმი დღეს არა სამედიცინო განათლების, არამედ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის მეოხებით კურნავს პაციენტებს. თუმცა, ზოგიერთს ესეც ეკრძალება - ერთ ჩემს მეგობარს, მას შემდეგ რაც სტომატოლოგმა მისი არაორთოდოქსული რელიგიური კუთვნილების შესახებ შეიტყო, განუცხადა, რომ მწვალებლის პირის ღრუში საკუთარ მართლმორწმუნე ხელებს არ ჩაყოფდა.

სახელმწიფოზე დაიმედებას რაც შეეხება, აქაც ვიტყოდი რამდენიმე სიტყვას. მაგრამ, ვფიქრობ ორიც საკმარისი აღმოჩნდება იმის გასაგებად, რამდენად მშვიდად გრძნობს თავს, ჩვენი თავისუფლება, მათ ხელებში: ეკა ბესელია.

ამასთან, თუ შენს უფროსთან სატელეფონო ზარის განხორციელებით საპატრიარქო ვერ გაგაჩუმებს, ძალადობის რისკი მხოლოდ იზრდება. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა რელიგიური ექსტრემისტები დღეს პოლიტპატიმრის სტატუსით დასეირნობენ ქუჩაში, მათ კათალიკოს-პატრიარქი დროს უთმობს, ხვდება და საჩუქრებს ურიგებს. შემდეგ ზოგიერთი პრეზიდენტად იყრის კენჭს, ზოგიერთი კი კვლავ პოგრომების განხორციელებას უბრუნდება. არადა საეკლესიო კანონიკით ისინი ზიარებიდან უნდა განეყენებინათ, ისევე როგორც სასჯელს უნდა დაქვემდებარებოდნენ მათი მოძღვრები, რომელთაგანაც ისინი უშუალოდ იღებდნენ დავალებას. მაგრამ ეს არ მომხდარა. სახელმწიფოს ვალდებულებას რაც შეეხება, აქაც მაგიური ორი სიტყვა უნდა ვთქვათ: მანანა კობახიძე.
საპატრიარქომ კარგად იცის, როგორ ჩასჩაროს პირში ბურთი ადამიანებს ისე, რომ ბურთზე მისი ანაბეჭდები რთული საპოვნელი გახდეს. ამიტომ, ამ ბანდიტებს შესანიშნავად იყენებს და ამიტომ მას ძალიან აწყობს სუფევდეს დუმილი და შუენიერება შეიმოსოს.

მოცემული ცხადი რეალობიდან გამომდინარე, სისულელედ მიმაჩნია ოპტიმისტების შეხედულება, რომ ვინც „ტელევიზორში ჩანს“, იმას არაფერი ემუქრება. ტელეკომპანია კავკასიაზე მიტანილი იერიშის გახსენება ალბათ საკმარისი იქნება, ამ ოცნებაზე გადასაბიჯებლად.
ამას გარდა, თუ ჟურნალისტს თავში ჭკუა და ჯანმრთელი ღირებულებები აქვს, ჩნდება მეორე პრობლემა - მედიის მესაკუთრე. თუ შენი უფროსი დროდადრო რომელიღაც ეპისკოპოსის წყლიან თვალებში პოულობს ჭეშმარიტებას, რელიგიის მიმომხილველი ბუნებრივია ვერ შეძლებს მუშაობას სინდისთან წინააღმდეგობის გარეშე. ამ მხრივ მე გამიმართლა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტაბულა თავისი არსებობის მანძილზე არასდროს ექვემდებარებოდა არც პოლიტიკურ და არც საეკლესიო კონიუნქტურას. ჩვენ ყოველთვის ვიყავით პიროვნების ღირსების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლებისა და სეკულარიზმის პრინციპის მხარდამჭერები. თუ ამ ღირებულებებს იზიარებ და საჯაროდ უჭერ მხარს, საქართველოს საპატრიარქოს თავად უჩნდება შენთან პრობლემები. ამდენად გავრცელებული აზრი, რომ ეკლესიას ებრძვიან, სინამდვილეში პირიქით არის.

მოულოდნელობას რაც შეეხება - ნამდვილად არ ველოდი, რომ ისინი ასე სწრაფად დაიწყებდნენ რეაგირებას და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან.

სწორედ ამაზე მსურს გკითხოთ,  ცოტა ხნის წინ თქვენი გადაცემის სტუმარი მართლმადიდებელი მღვდლები საქართველოს საპატრიარქოს ზნეობრივმა კომისიამ ორჯერ დაიბარა, მოგვიანებით მათზე, ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა იქადაგა, - როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია საპატრიარქოს ეს რეაქცია?

სულ 20 გადაცემა გავიდა ეთერში, დიდი დრო არ გასულა რაც ტაბულა ტელევიზიის მეშვეობით აწვდის ინფორმაციას მომხმარებელს. მაგრამ უკვე მეორე გადაცემის შემდეგ ჩემს რესპონდენტ მართლმადიდებელ თეოლოგს, მირიან გამრეკელაშვილს, საქართველოს პატრიარქის მოადგილე, ქორეპისკოპოსი იაკობი ამბიონიდან გამოეხმაურა და დაემუქრა. ეს იყო პირველი სიგნალი - რომ საპატრიარქო მომავალშიც გვიპასუხებდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი არც მიფიქრია.

შუალედში ჩემი წყაროები ბევრ რამეს ყვებოდნენ, მაგალითად რამდენიმე ეპისკოპოსს სურდა ერთ-ერთ გადაცემაზე, სადაც თეოლოგ ბექა მინდიაშვილთან ერთად შევეცადეთ სტრუქტურულად დაგვეხასიათებინა საპატრიარქოში არსებული დაჯგუფებები, პასუხი გაეცა. თუმცა საბოლოოდ ეს არ მოხდა, - თემისთვის უფრო დიდი რეზონანსი არ აწყობდათ.

მოგვიანებით გადაცემაში მოსვლა დაიწყეს მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმაც. მათი უმრავლესობა მთელ რიგ საკითხებში პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელ პოზიციებზე დგას და გამოხატავს, მაგრამ მიდგომა ასეთი მქონდა და მაქვს: მთავარია მოვიდნენ, მასშტაბური ქსენოფობიური სისულელეები არ თქვან, ან თუ იტყვიან ვუპასუხო და დაე იყოს მრავალფეროვნება. როცა რელიგიაზე გადაცემას აკეთებ, მათი ყოფნაც მნიშვნელოვანია. ჩვენი ჟურნალისტების უმრავლესობა, როცა სასულიერო პირს ინტერვიუს ართმევს, ყალბი მოწიწებითა და პროფესიული ღირსების სრული შებღალვით აკეთებს ამას. ეს იმდენად დამამცირებელია, სურვილი გიჩნდება, მინიმუმ ინტერვიუს ფორმა შეცვალო - დასვა მწვავე კითხვები და თუნდაც კვლავ სულელურად გიპასუხონ, დარჩე შენს პოზიციაზე. ეს პირადად მე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რადგან სასულიერო კასტის დესაკრალიზებას უწყობს ხელს, ჩამოყავს ანაფორა პიედესტალიდან და აქცევს მას ჩვეულებრივ რესპონდენტად. ეს სეკულარული მედიის ვალია და უნდა შეწყდეს თვინიერი თვალებითა და ხბოს აღტაცებით მღვდლებთან საუბარი. როცა ეთერში მიდიხარ, უნდა გესმოდეს, რომ ჟურნალისტი საზოგადოების თვალი და ყურია, ის ხანდახან პროკურორიც არის, ამიტომ შენ დაგკითხავენ და ანაფორა ვერ დაგიცავს.

საპატრიარქოში აი ეს ფორმის ცვლილებაც კი ვერ აიტანეს. ამ მღვდლებს ხომ არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამთ, მაგრამ მაინც დაიბარეს, რაღაც გაურკვეველ ზნეობის კომისიაზე და მათ დაშინებას შეეცადნენ. ამ კომისიაზე მღვდელი დავით ისაკაძე და მრავალი მოძალადე ბუნებრივია არასდროს დაუბარებიათ. ის მხოლოდ დაშინების ინსტრუმენტია. აქა-იქ თუ მღვდელი მართლა გადავა ზღვარს და მგალობელს მრევლისთვის შესამჩნევად დაუწყებს ალერსს, მაშინ შეიძლება აამოქმედონ, მაგრამ საეკლესიო სამართალი რასაკვირველია დიდად არ აღელვებთ. კაცმა რომ თქვას, საიდან უნდა იცოდეს ან ვის უნდა ესწავლებინა ის მეუფე თეოდორე ჭუაძისთვის, ანდრიასთვის ან იაკობისთვის?!

მოხდა სასწაული და ზოგიერთი მღვდლის შემთხვევაში ეს დაბარება უსიამოვნო აღმოჩნდა. მაგალითად დეკაოზი მიქაელ ასათიანი ზნეობრივ კომისიაზე აფეთქდა და დამსწრე ეპისკოპოსებს რჯულის კანონის ის მუხლები შეახსენა, რომელსაც თავად არღვევდნენ. მეორე მღვდელი, ილია ვაშაკიძე ვერც დაიბარეს. მიხვდნენ, რომ მხოლოდ დაბარებებით, ჩემს შესაძლო სხვა რესპონდენტებს სოლიდური მესიჯი ვერ გაუგზავნეს.

ამიტომ ქორეპისკოპოსმა იაკობმა საუფლო დღესასწაულზე, მირქმაზე, უფრო მეტი იქადაგა გადაცემაზე, ვიდრე მაცხოვარზე. გაიგზავნა სიგნალი - არ მიხვიდეთ, თორემ მოგხვდებათ. „სატანა“ - ქადაგების საკვანძო სიტყვა იყო. როგორც აღმოჩნდა, ტოტალურად ყრუ გარემოში მცირე გაფაჩუნებაც კი ზარბაზნის ხმად ჩაესმის და აფრთხობს ამ დუმილის მთავარ დარაჯს - საქართველოს საპატრიარქოს. ამასთან, გამოჩნდა, რომ იმ მღვდლების რაოდენობა, რომლებიც დუმილს არ მოერიდებიან, შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე ჩანს, თუ საეკლესიო ვერტიკალის დიდი, მაგრამ მყიფე ძალაუფლება წელში გატყდება. არ გეგონოთ რომ ეს ეკლესიის მტრის სიტყვებია, ეს თავად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ ის არ შეცვლის დამოკიდებულებებსა და ფორმებს, თუ ის კვლავ გაიყინება საკუთარ თავში, პროგრესი და თავისუფლება ძალიან მალე წალეკავს. ეკლესიის შიგნით არსებობენ მღვდლები ვინც ამას აცნობიერებენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ სიტუაციის შესაცვლელად. ამდენად მე ჯერ-ჯერობით არ მეგულება არავინ, ვინც გაბედავს და ქრისტიანულ პოზიციაზე ბოლომდე დადგება. ვინც გაბედავს და არ შეეშინდება საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ წავიდეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ.

- მიუხედავად იმისა რომ ერთი-ორი გაზეთი და ინტერნეტგამოცემა წერდა რელიგიაზე კრიტიკული პოზიციიდან, რამდენად მნიშვნელოვანია საამისოდ სატელევიზიო სივრცის არსებობა? პრობლემათა მთელი სპექტრი იქნებ სწორედ იმიტომ გაჩნდა საქართველოში, რომ რელიგიის კრიტიკას წლების განმავლობაში არ ეთმობოდა ტელეეთერი?  

- ერთი-ორი გაზეთი და ინტერნეტგამოცემა დიდი გავლენის პატრონი არ არის, ბოლოსდაბოლოს რამდენი მკითხველი შეიძლება ჰყავდეს მას, მაგრამ ესეც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ესეც ბევრ რამეს ცვლის. თქვენთვის ინტერვიუს მოცემა მათ შორის იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ ჟესტით მხარდაჭერა გამომეხატა კრიტიკული პოზიციების მქონე მედიისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ კრიტიკა ამოსავალი წერტილია, ჩვენი უმთავრესი მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა და თუ ინფორმაციის სიზუსტე კრიტიკასაც მოითხოვს, ჩვენ ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

სამწუხაროდ მედიის ის წარმომადგენლები ვისაც დიდი გავლენა უკვე აქვთ, ან უფრო ბნელები არიან ვიდრე თავად მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი იერარქია, ან გავლენის დაკარგვა არ სურთ. მე არ ვფიქრობ, რომ რელიგიაზე საუბრით გავლენას დაკარგავს მედია, თუ თავისუფლებისთვის გაირჯება და იბრძოლებს, მაგრამ როგორც სჩანს თავის ატკიებისთვის მზად ჯერ-ჯერობით არავინ არის. ან უბრალოდ საკმარისად ვერ გააცნობიერეს, რა სავალალოა სიტუაცია. ჩვენ ჰაერივით გვჭირდება საუბარი რელიგიაზე და მათ შორის ამის გამოც დავარქვით გადაცემას ეს სახელი.

ჟურნალისტებმა სისტემატურად უნდა ვიმუშაოთ რელიგიურ თემებზე, რადგან რელიგია, განსაკუთრებით საქართველოში, პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ სახეზე გვაქვს სიტუაცია, როდესაც ამ პროცესის უზარმაზარ ნაწილზე საზოგადოებას არავინ ესაუბრება, გამონაკლისების გარდა. ეს უნდა შეიცვალოს. ამიტომ რელიგიის ჟურნალისტებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი მკითხველისთვის, მაყურებლისთვის ან მსმენელისთვის იბრძოლონ, იბრძოლონ საკუთარი კეთილსინდისიერებისთვის, ყველანაირი მხარდაჭერა ეკუთვნით.

საზოგადოება ნახირი არ არის, როცა ის ინფორმირებულია, როცა მასთან მიდის ფაქტები და მიდის ყველა განსხვავებული აზრი, - რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური თუ სხვა უმცირესობების, ის იცვლება. ყველა საზოგადოება იცვლება და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ. საპატრიარქოს რეიტინგიც შეიცვლება და შესაძლოა ეს ძალიან მალე და სწრაფად მოხდეს. შესაძლოა პათეტიურად გამომივიდეს, მაგრამ ასეთ ადამიანებს მსურს მოვუწოდო კვლავაც იდგნენ ისტორიის ნათელ მხარეზე.

- მიჩნეულია რომ  საქართველოში განათლების და კონკრეტულად თეოლოგიური განათლების დეფიციტია. იქამდე, ბევრი სპეციალისტის აზრით  ქრისტიანული თეოლოგია საქართველოში საერთოდ არ არსებობს. რამდენად ხედავთ თქვენ ამ დეფიციტის რამენაირად შევსების სურვილს, მოთხოვნილებას და მცდელობას როგორც მრევლის წევრების ისე მათი წინამძღოლების მხრიდან?

- თუ ჩვენი საზოგადოების რელიგიური შეუწყნარებლობის გამომწვევი მიზეზების ჩამოთვლას შევუდგებით, მე ქრისტიანულ თეოლოგიაში გაუნათლებლობის პრობლემას ცალკე არ გამოვყოფდი. გარდა იმისა, რომ თეოლოგია მისი კლასიკური განსაზღვრებით საერთოდ არ არის მეცნიერება - მისი შესწავლა არაფრისმომცემია სამოქალაქო განათლების გარეშე.

ქრისტიანულმა რელიგიამ დასავლურ ცივილიზაციაზე დიდი კვალი დატოვა, მაგრამ არასდროს მასები თეოლოგიაში მკაცრად განსწავლულები არ ყოფილან და დასავლური ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში თეოლოგიას აკადემიურ დონეზე საზოგადოების უმრავლესობა დღესაც არ იცნობს. მეტიც, რომ გადახედოთ საერთოდ რა იციან დასავლეთში ქრისტიანული თეოლოგიის შესახებ, გაგეცინებათ. მათ შესაძლოა ცუდად ესმით ტრინიტარული თეოლოგიის არსი, მაგრამ ზუსტად ესმით, რომ ტაბურეტკა მხოლოდ დასაჯდომად უნდა გამოვიყენოთ.

ამაოა იმაზე ფიქრი, რომ ოდესმე ჩვენი საზოგადოება თეოლოგიასა და რელიგიათმცოდნეობაში აკადემიურად განისწავლება, ეს ასე არ მოხდება. ჩემთვის როგორც ქრისტიანისთვის, სავალალოა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მაგიურ-ოკულტურ თეზისებზე აფუძნებს საკუთარ სწავლებას და არა თეოლოგიაზე, მაგრამ როგორც მოქალაქე ვაცნობიერებ, რომ წარმართებიც შეიძლება იქცნენ თავისუფლების მოყვარე ხალხად. გააჩნია რა მიზნისკენ მიდიხარ - ეკლესიის გაჯანსაღება გსურს, თუ მეტი თავისუფლება.

პრობლემა ის კი არ არის, რომ საპატრიარქო წარმართული ორგანიზაციაა, პრობლემა ის არის, რომ მას მხოლოდ საკუთარი თავისთვის ემეტება თავისუფლება. პრობლემა ის არის, რომ ეს წარმართული რიტუალები სწორედაც რომ სხვებისთვის დაქნეული თითია. თორემ ყველა წარმართს აქვს უფლება იცხოვროს ჩვენს სახელმწიფოში და მათ თანასწორად უნდა მოვეპყროთ.

საზოგადოების დიდი ნაწილი თითქმის ყოველთვის ზეპირსიტყვიერებით, ბუკლეტებითა და რელიგიური ინსტიტუტის მიერ გავრცელებული შაბლონებით ჩამოიყალიბებს პოზიციებს და ამდენად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტებმა განიცადონ ცვლილება. დასავლური ქრისტიანული კონფესიების უმრავლესობა, ისინიც, ვინც წვავდა და ისინიც, ვისაც წვავდნენ, თავისუფლების პრინციპებამდე რაღაც სახარებისეული განტოლების გამოყვანით კი არ მისულან, არამედ ისტორიული გზით. რელიგიური პლურალიზმი საშუალებას იძლევა სახარების შიგთავსს ჩავწვდეთ, რომლის პოვნაც იქამდე გაგვიჭირდებოდა.

ცვლილებებისთვის კი გარე ფაქტორია საჭირო. თქვენ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა მოხდეს მართლმადიდებელ ეკლესიაში ცვლილებები? მე ახლა ამის რესურსს საერთოდ ვერ ვხედავ. არსებობს უკუნი და ბნელი. ნათელი, რომელიც არსებობს, სამწუხაროდ მაგიდის ქვეშ დგას. ამიტომ ნაცვლად იმისა რომ სიბნელე ვწყევლოთ საუკუნოდ, სჯობს ასანთის ღერს გავკრათ. ამისთვის კი მოქმედებაა საჭირო.

იმისთვის რომ გაბატონებულმა რელიგიურმა ინსტიტუტებმა გაიმეტონ თავისუფლება სხვებისთვის, უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო ისე, რომ გასაქანი მიეცეს რელიგიურ კონკურენციას. თუ მისიონერები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ, ჩვენ აღარ გვექნება მხოლოდ ერთი აგრესიული პოლუსი. გამოსავალი ერთდროულად კანონის უზენაესობაში, რელიგიურ პლურალიზმსა და განათლებაშია. მხოლოდ ამ რიგითობით მიიღწევა პროგრესი. იქ სადაც კანონის უზენაესობა არ არსებობს, არ არსებობს პლურალიზმი და შესაბამისად, განათლების გავრცელების ყოველი მცდელობა კრახით დასრულდება.

ამიტომ პირადად მე გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სამივე მიმართულების გასაუმჯობესებლად ერთდროულად ვიმოძრაოთ. თეოლოგიური განათლება ბუნებრივი მოთხოვნილება არ არის, შესაბამისად ჩვენი საზოგადოება დანაკლისს კი არ განიცდის, ბაზარზე არსებულ პოპულარულ პროდუქციას ეტანება. საქართველოს საპატრიარქო შიშს, სიძულვილსა და მაგიას ყიდის - ჩვენს საზოგადოებას კი საკმარისად ბევრი რამ დაატყდა თავს იმისთვის, რომ შიში დაძლიოს, არავინ სძულდეს და მაგიას რაციო არჩიოს.

- სხვა კონფესიებში თქვენი ინფორმაციით რამდენად მაღალია თეოლოგიური განათლების დონე სასულიერო პირებში? თუ განათლების დეფიციტი საერთო პრობლემაა ყველა დენომინაციაში?

- რაოდენობრივად მართლმადიდებლების შემდეგ საქართველოში მუსლიმები და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები მოდიან. არანაირი სტატისტიკა ხელში არ მიჭირავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სამი რელიგიური ჯგუფის სასულიერო პირთა განათლება ერთმანეთს მნიშვნელოვნად არ უნდა აღემატებოდეს. ყოველ შემთხვევაში ჯერ გაოცებული და მოხიბლული არავის დავუტოვებივარ.

დასავლურ ქრისტიანულ კონფესიებში სიტუაცია უკეთესად არის. მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. სამოქალაქო შეგნების არ არსებობა კი ჩვენი საერთო პრობლემაა. ის ერთიანად არ აქვთ როგორც მართლმადიდებლებს, ისე კათოლიკეებსა და სხვებს. სამაგიეროდ ჩემდა გასაკვირად აქვთ იეჰოვას მოწმეებს, რომელთაც არაძალადობრივი, სამოქალაქო ბრძოლის მთელი ინდუსტრია შექმნეს. მე მათ თეოლოგიას ფუნდამენტურად არ ვეთანხმები, მაგრამ იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის, სხვისი თავისუფლებისთვის ბრძოლაც არის. ამიტომ ყველას, ვინც სამართლიანად იბრძვის, თუნდაც კერძო ინტერესებისთვის, მადლობა ეკუთვნის და მისი თქმა არ უნდა დაგვავიწყდეს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა