|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სჭირდება თუ არა ქუთაისს მთავარი არქიტექტორი?

 ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურის განყოფილებას ხელმძღვანელი არ ჰყავს.

პოსტი რომ ამ დრომდე ვაკანტურია, ადასტურებს   ქალაქს მერი.  შოთა მურღულიას განცხადებით, „აქ ჩვენ რამდენჯერმე ჩაგვეშალა კონკურსი“.  მისი თქმით, ვაკანსია არსებობს, თუმცა ამ ხელფასზე საჭირო კვალიფიკაციის პროფესიონალის დათანხმება  შეუძლებელია: „მე ვცადე, გავაჟღერე ინიციატივა, რომ მერზე (2 100ლარი) ორჯერ მეტი ხელფასი ჰქონდეს მთავარ არქიტექტორს, რადგან ამ ხელფასზე იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, არ მოდის“, -აღნიშნა მან.

მერის თქმით, არქიტექტორებს კერძო პრაქტიკიდან გაცილებით მეტი აქვთ შემოსავალი, ვიდრე მერიაში ხელფასია, ამიტომ არ თანხმდებიან აქ მუშაობას. არქიტექტორს, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობას დათანხმდება, კერძო შეკვეთებზე უარის თქმა მოუწევს.

მერის ინიციატივა ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებად რჩება. კითხვაზე, სჭირდება თუ არა ქალაქს მთავარი არქიტექტორი, მურღულია ადასტურებს, რომ ეს აუცილებელია.  ქალაქის მერი აცხადებს, რომ  არ გამორიცხავს, საკრებულოს წინაშე დასვას საკითხი, რომ კიდევ ერთხელ გამოცხადდეს კონკურსი მთავარი არქიტექტორის შესარჩევად.   მისი თქმით, მნიშვნელოვანია მთავარი არქიტექტორის არსებობა, რომელიც  „დაკავებული იქნება არა პატარა ტექნიკური თემებით, არამედ ქალაქის იერ-სახეზე ზრუნვით“.

არქიტექტორის გია ხუჯაძის განმარტებით, ანაზღაურება მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ეს არაა პრობლემა. „მთავარი არქიტექტორის თანამდებობა აღარ არსებობს, გაუქმებულია, რაც შეეხება ერთ-ერთი სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტს, არ მგონია, რომ მან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება შეძლოს“,- აცხადებს ის.

გია ხუჯაძის თქმით, აუცილებელია არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს პროფესიით არქიტექტორი ხელმძღვანელობდეს. მისი თქმით, სამსახურის  განყოფილების გამგე ბევრს ვერაფერს შეცვლის.

როგორ ხუჯაძემ „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა,  თუ ასე  გაგრძელდა ქაოტური მშენებლობები და სპეციალისტებს  არაფერს დაეკითხენ, ეს ქალაქის იერ-სახეზე ცუდად აისახება.

არქიტექტორთა კავშირის იმერეთის ფილიალის თავმჯდომარის ლევან რეხვიაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კავშირს თავისი მოსაზრება აქვს.  თუმცა მისი თქმით, მათი ორგანიზაცია უფრო შემოქმედებითი საკითხებითაა დაკავებული და ნაკლებად ინფორმირებული არიან მერიაში გამოცხადებული და ჩაშლილი კონკურსების შესახებ. რაც შეეხება მთავარი არქიტექტორის არსებობის მიზანშეწონილებას, რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ  ქალაქს არა მხოლოდ მთავარი არქიტექტორი, არამედ არქიტექტორებისაგან შემდგარი საბჭო უნდა ყავდეს, რომელიც ქალაქის იერ-სახეზე პროფესიონალური კუთხით იზრუნებს.  საბჭოს  ფუნქცია მნიშვნელოვანი ობიექტების, მისი არქიტექტურული ღირსებებისა და მიზანშეწონილობის, ასევე ქალაქდაგეგმარების საკითხის განსაზღვრა იქნება.

ქალაქის იერ-სახესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს კომპეტენტური ადამიანებით შემდგარი გუნდი რომ უნდა იღებდეს, ამ აზრს იზიარებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი. „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ  ამის საჭიროება „არგოს“ საკითხთან მიმართებაშიც კარგად გამოჩნდა.

„ქალაქში მიმდინარე საეჭვო მშენებლობები, რომლებზეც უფლების გამცემი და ზედამხედველი ორგანო ქალაქის მერია და მისი არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურია, ადასტურებს ამ მიმართულებით სისტემურ გაუმართაობას და კომპეტენციის დაბალ დონეს, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილობრივი ჩინოვნიკების თავგასულობა ემატება. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ "არგოს" მშენებლობაა. 

ცხადია, ამ ეპოქაში, მსგავსი ისტორიული მნიშვნელობისა და ლიდერობის სწორი პრეტენზიის მქონე ქალაქში, როგორიც ქუთაისია, ქაოტური მდგომარეობა მშენებლობის კუთხით არ უნდა იყოს და არც უფლებების გაცემა შეიზღუდოს. ქალაქს უნდა ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკა, რომელიც გამოცდილმა და პრაქტიკოსმა არქიტექტორთა ჯგუფმა უნდა შეიმუშავოს",-განაცხადა ბარათაშვილმა. 

 ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური 2017 წლიდან   მმართველობის ელექტრონულ ფორმაზე გადადის. პროფესიონალები ამას წინდაგადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს შეამცირებს ბიუროკრატიულ ფაქტორს და პროცესებს უფრო საჯაროს გახდის.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა