|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიტიკური წყალი ქუთაისში - პრობლემის მოგვარებაში საარჩევნო შტაბები ჩაერთვნენ

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე გამართულ აქციას, რა დროსაც მოსახლეობამ უწყლობის გამო გზა გადაკეტა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა ნარსიას  განცხადებით, ის მოსახლეობის პრობლემას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ადგილობრივებს  უწყლობის გამო გაუსაძლისი მდგომარეობა აქვთ, რისი გადაჭრის კომპეტენცია არსებულ ხელისუფლებას არ აქვს.

შექმნილი პრობლემის გამო ნარსია "ქართული ოცნების" ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ჭეიშვილს უპირისპირდება.  

"დღეს თამარ მეფის 90-ში მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს, მათ წყალი არ მიეწოდებათ.  ეს კანდიდატი არც გამოჩენილა იქ ხალხთან და არცერთი პრობლემის საქმის კურსში არ არის და ვერცერთს მოაგვარებს, რადგან წინასაარჩევნოდ უმოქმედოა და წარმოიდგინეთ, არასაარჩევნო გარემოში რას იზამს. მოსახლეობა "ოცნების" ოფისში დაიბარეს და მეც მივყევი, თუმცა  კონკრეტულად ვერაფერს დაპირდნენ", - აცხადებს ნარსია.

თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსი ნიკა ლატარია შეხვდა. მისი თქმით, მოსახლეობამ აღნიშნული პრობლემის გამო რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" შტაბს მიმართა, რის შემდეგაც საქმის კურსში ჩააყენეს შესაბამისი სამსახურები, თუმცა პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა. 

"ვიცი ამ ხალხის წუხილი, რამდენიმე დღის წინ ისინი დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს თავიანთი პრობლემის შესახებ, წყალი მხოლოდ ეზოში მიეწოდებათ და სართულებზე არ ადის. იძულებული გახდნენ და გზა გადაკეტეს.  მე ადგილზე მივედი და ვთხოვე მოსახლეობას გზა გაეხსნათ, დაემორჩილნენ ჩემს თხოვნას. მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ მოხდება ამ პრობლემის გადაჭრა, უკვე მუშაობენ სპეციალისტები და დღეს დასრულდება სამუშაოები"-განაცხადა ნიკა ლატარიამ. 

შეგახსენებთ, ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოებს თურქული კომპანია SMK აწარმოებს. ადგილობრივი ხელისუფლება კომპანიის საქმიანობაში ჩარევის კომპეტანცია არ გააჩნია.

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა