|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავს გვჭრის საბერძნეთის პოლიცია და საელჩო ხმას არ იღებს"

საბერძნეთში გათავისუფლებული გოგონას დედა საქართველოს საელჩოს ბრალს უმოქმედობაში სდებს. მისი თქმით, საელჩომ არანაირი სახის დახმარება არ გაუწია და საქმის შესახებაც არ არიან სწორად ინფორმირებულები.
 
„ორი დღე დავდიოდი საელჩოში, იმათთან ლაპარაკს საერთოდ აზრი არ აქვს. ჩემი შვილი უსაფუძვლოდ დაადანაშაულა საბერძნეთის პოლიციამ, ცრუ ინფორმაციები გაავრცელეს და ხმა არავინ ამოიღო. მე ვაპირებ, გავასაჩივრო ჩემი შვილის დაკავების ამბავი. მართალია, მხოლოდ უსაბუთობის გამო წაიყვანეს სახლიდან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას გაუთოებული ქალის საქმეში ადანაშაულებენ. მანდ ჩამოსვლაც რომ დამჭირდეს, ამ ამბავს ასე არ დავტოვებ. თავს გვჭრის საბერძნეთის პოლიცია და საელჩო ხმას არ იღებს", -განაცხადა ანანო ხერხაძის დედამ სოფო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, საბერძნეთის პოლიციამ მისი ფოტოებიც გაავრცელა, რაც მდგომარეობას უფრო ამძიმებს.
"პოლიციამ ჩემი ფოტოებიც გაავრცელა, მე საერთოდ, რა შუაშია ვიყავი, არ მესმის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო. ვინც არ გვიცნობს, ყოველი მეორე ხელს გვითითებს, მაღაზიაში ვიყავი 4 წლის შვილთან ერთად და იქედან დარეკეს პოლიციაში, ქალს რომ აუთოებენ, იმ ბანდის წევრია ჩვენთან მაღაზიაშიო. ბავშვი შემიწუხდა შიშისგან, 50 პოლიციელი რომ დაინახა", - აღნიშნა სოფო ფხაკაძემ.

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა საბერძნეთში დაკავებული ქართველების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო ფლობს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტებს, კვირის ბოლომდე გამოიკვლევს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. 
"საელჩოს აქვს ინფორმაცია, როგორც ფაქტების დამახინჯების, ასევე ინფორმაციის გავრცელების კუთხით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე მომავალი კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა, რის საფუძველზეც გარწმუნებთ,ჩვენი რეაგირება ამ შემთხვევაშიც იქნება დროული და ქმედითუნარიანი"-ნათქვამია განცხადებაში.

 საინფორმაციო სააგენტო ნიუპრესი, აგრძელებს თემაზე მუშაობას და ანანო ხერხაძის ადვოკატის ინტერვიუს რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ.

 

საბერძნეთში დაკავებული ქუთაისელი გოგონა გაათავისუფლეს

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე