|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ სრულდება

ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე სამუშაოები, შესაძლოა, დათქმულ ვადაში ვერ შესრულდეს. მიუხედავად მერიის არაერთი განცხადებისა, ოთხთვიანი ვადა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შპს "საქმილსადენმშენმა" დამატებითი დრო და პროექტში კორექტირება მოითხოვა

კომპანიის წარმომადგენელი თემურ ლომთაძე განმარტავს, რომ პროექტში ცვლილებები რთულმა სამუშაოებმა გამოიწვია. მისი თქმით, გამოჩნდა სამუშაოები, რომელიც პროექტის შედგენის დროს ზედაპირზე არ ჩანდა.

"როგორც იცით, რთული სამუშაოებია. სირთულიდან გამომდინარე, პროექტში ცვლილებები გახდა აუცილებელი. პროექტის შედგენის დროს ზედაპირზე არ ჩანდა ის სირთულეები, რაც უშუალოდ მუშაობის დროს გამოიკვეთა, ამიტომ მივმართეთ მერიას, რომ მოხდეს პროექტის ცვლილება და დროში გახანგრძლივება", -განაცხადა თემურ ლომთაძემ.

ლომთაძე ვერ საუბრობს, მერიის უარის შემთხვევაში, როგორ შესრულდება სამუშაოები და აცხადებს, რომ მერიის პასუხს ელოდებიან და ამაზე შემდეგ შეძლებათ განმარტება. ლომთაძე ამჯერზე ვერც თანხის დამატების საჭიროებაზე საუბრობს. 

მერიაში ადასტურებენ, რომ პროექტში ცვლილებების განხილვა ნამდვილად მიმდინარეობს. ამასთან აცხადებენ, რომ კომპანიას დამატებითი ვადა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ მათი მოთხოვნის ლეგიტიმურობა დადგინდება. 

"პროექტის კორექტირება განხილვის პროცესშია. თუმცა, სანამ არ მოხდება განხილვის პროცესის დასრულება და იმის დადგენა, თუ რამდენად ლეგიტიმურია კომპანიის მოთხოვნა, ვადის გადაწევასთან დაკავშირებით ქუთაისის მერია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. თუ კომპანიის მოთხოვნა ლეგიტიმურია, მაშინ მას მიეცემა ვადა კანონმდებლობის შესაბამისად", -აცხადებენ მერიაში. 

ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე სამუშაოების ვადების მოსალოდნელი გახანგრძლივებისა და თანხების კორექტირების შესაძლებლობაზე საკრებულოს სხდომაზე არაერთხელ გააჟღერა ინფორმაცია ოპოზიციამ. მათი მტკიცებით, სამუშაოები ვადებში ვერ დასრულდებოდა.

 

 

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესო ბრეგაძის თქმით, ქალაქში თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც საერთო ჯამში ბიუჯეტის შესრულებაზე აისახება.

"ყველა პროექტი სრულდება ხარვეზებით, მათ შორის გამონაკლისი არაა თბილისის ქუჩა, სადაც ჩემი ინფორმაციით, ცვლილება შევიდა პროექტში. გახანგრძლივდა ვადები და კორექტირება მოხდა თანხებში. ჩვენ თავიდანვე   ვამბობდით, რომ თბილისი ქუჩაზე სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობდა და მერიაში ამას პოპულისტობად თვლინდნენ"-განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ოპოზიციის შენიშვნებს მერიაში არ იზიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ ოპონენტები არასწორ პროგნოზირებას ახდენდნენ.

თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი აპრილში გამოცხადდა.  სატენდერო დოკუმენტაციებში ირკვევა, რომ ტენდერში თავდაპირველად შპს "ბილდინგ დეველოპმენტ გრუპმა" გაიმარჯვა და 1 057 801 ლარის ნაცვლად, მილიონი ლარი დააფიქსირა, თუმცა დოკუმენტების არასრულად ატვირთვის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა და გამარჯვეულად შპს "როუდ სოლუშენი" გამოცხადდა 1037 031 ლარით.  თუმცა, მასაც დისკვალიფიკაცია მისცეს და გამარჯვებული გახდა შპს "საქმილსადენმშენი", რომელმაც ზუსტად მერიის მიერ გამოყოფილი თანხა დააფიქსირა.  მერიის საფინანსო პოლიტიკოსა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, რომ სწორედ ამან გამოწივია ცვლილებები ხარჯთაღრიცხვაში, თუმცა მას არაფერი უთქვამს ვადების გახანგრძლივების შესახებ, რასაც კომპანია "საქმილსადენმშენი" ითხოვს.

თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისში დაიწყო, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საქმილსადენმშენი" ასრულებს. რეაბილიტაციის ვადად 120 დღე იყო განსაზღვრული. 

 

 

 

ფოტო: ქუთაისის მერია

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი