|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურისტული ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები ქუთაისში

ქუთაისში ტურისტულმა ნაკადმა მნიშვნელოვნად  იმატა.  “ნიუპრესი“ დაინტერესდა, როგორ ვითარდება ქუთაისში ტურისტული ბიზნესი.

წელს ქუთაისი ტურისტულად აქტიური ქალაქი გახდა. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორში 143 546 მგზავრი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.  ქუთაისის ტურისტული ცენტრის მომსახურებით კი უკვე  4 ათასამდე ტურისტმა ისარგებლა. ტურისტული ნაკადის ზრდა  დადებითად აისახება ადგილობრივ ბიზნესზე. ქუთაისში ამ მიმართულებით წელს რამდენიმე ობიექტი გაიხსნა, მათ შორის სასტუმროები, კაფე-ბარები, ღვინის სახლი, “მაკდონალდსის“ ახალი ფილიალი. 

მნიშვნელოვან პროგრესზე საუბრობენ ტურისტულ კომპანიებში. “Turr group”-ის მენეჯერის განცხადებით,  კომპანიამ  შარშანდელთან შედარებით აშკარა  წინსვლა განიცადა. მათივე თქმით, კომპანიას უცხოელების გარდა შიდა ტურიზმის მოყვარულებიც სტუმრობენ.

„გასულ წელთან შევადარებით, წელს მეტი დატვირთვა გვაქვს. ჩვენს სერვისებზე მოთხოვნა არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ ადგილობრივებსაც აქვთ, რაც ძალიან სასიხარულოა“,-აცხადებს „ტურ გრუფის“ მენეჯერი თამთა გიორგობიანი.

ღვინის გალერეა - „საწნახელი“  რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. დაწესებულება, ჯერჯერობით ახალია, მაგრამ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ მათ შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ასევე შეიძინონ ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, რომელიც ქართულ თემატიკას ასახავს. ობიექტის დამფუძნებელი კარგად ცნობილი მუსიკოსი, „ფრანის“ ჯგუფის წევრი გაგა ჩიხლაძეა, რომელიც ქართული ღვინოს სახეობებს კარგად იცნობს და ტურისტებს თავად აძლევს რეკომენდაციებს.

“ჩვენი ძირითადი კონცეფცია არის,  პოპულარიზაცია გავუწიოთ  საოჯახო ღვინის  მცირე მარნებს, ასევე მეღვინეებს, რომლებიც ამზადებენ კარგ ღვინოს. ეს არის ტურისტული სივრცე,  სადაც ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ  ქართულ ღვინოსთან ერთად დააგემოვნონ ქართული ყველის რამდენიმე სახეობა. ასევე შეიძინონ ხელნაკეთი ნივთები, სამახსოვრო აქსესუარები და მაისურები ქართველი ისტორიული გმირების გამოსახულებებით. უამრავი ტურისტი ყავს ქუთაისს, ჩვენ შესახებ ინფომაციას ძირითადად ავტობუსის  პრომოებიდან იგებენ, ასევე ინტერნეტის საშუალებითაც“,-ამბობს ჩიხლაძე.

საინტერესო არის ის, რომ ორგანიზაციას თავისი ტურებიც აქვს. მაგალითად „საწნახელში“ მისულ ტურისტს ღვინოს დააგემოვნებიებენ, შემდეგ იმ მეღვინესთან წაიყვანენ, რომლის ღვინოც მოეწონებათ. მეღვინე, თავის მხრივ, აჩვენებს საწნახელს, მოუყვება ისტორიას  ღვინის იმ სახეობაზე, რომელ პროდუქტსაც აწარმოებს. გაგა ჩიხლაძის თქმით, მსგავსი ტურები პოპულარიზაციას უწევს როგორც ღვინოს, ისე მეღვინეს. ის თავის ობიექტში  ქართული მუსიკის პოპულარიზაციასაც გეგმავს.

„ჩვენთან ტარდება ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებები, ძალიან მალე  გვეყოლება ფოლკლორული ანსამბლი, რომლებიც ქართულ ფოლკს შეასრულებენ.  არ გვინდა, რომ ობიექტი მხოლოდ ტურისტებზე იყოს მორგებული, გვინდა ადგილობრივებისთვისაც საინტერესო დაწესებულებად იქცეს. სამომავლოდ, ასევე ვგეგმავთ  ღვინის სკოლის შექმნას, რაც ვფიქობ,  ჩვენი მოქალაქეებისთვისაც  საინტერესო იქნება“, -თქვა ჩიხლაძემ.

  

მიუხედავად იმისა, რომ დამწყები ბიზნეს ობიექტები, სასტუმროები და ტურისტული კომპანიები უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ, არიან ისეთებიც, რომლებმაც ბიზნეს ობიექტი გახსნიდან რამდენიმე თვეში დახურა, მათ შორის დაიხურა ქალაქში ამ დროისათვის ერთადერთი კინოთეატრი. ბევრი ობიექტმა კი  უბრალოდ, კონკურენციას ვერ გაუძლო.  ურბანისტ დავით გოგიშვილს მიაჩნია, რომ ბიზნესის დაგეგმვაში ადგილობრივი ხელისუფლებაც უნდა ჩაერიოს.   

„ქალაქის ცენტრში, ერთი და იგივე დანიშნულების ობიექტები გვერდიგვერდ არის განთავსებული. ასე მაგალითად, სასტუმოს წინ სასტუმროა, აფთიაქის გვერდით აფთიაქი... ამიტომ, ხშირად ხდება, რომ ყოველი ახალი ობიექტის გახსნისას ძველი იხურება. ინვესტორს ბიზნესის განსათავსებლად ალტერნატიული ადგილი მერიამ უნდა შეურჩიოს, რომ ბიზნეს ობიექტები ყველა უბანში იყოს და არ მოხდეს მხოლოდ ქალაქის ცენტრში თავმოყრა“,-ამბობს გოგიშვილი.

ქუთაისის ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანლის, პაატა კლდიაშვილის თქმით,  ქალაქის ეკონომიკა რომ წინ წავიდეს, აუცილებელია რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის გაჩენა.

„ქალაქის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია ქალაქში რამდენიმე ცენტრი შეიქმნას. მიზიდულობის ცენტრის გაჩენა ხელს შეუწყობს ინვესტიციის გაზრდას და ქალაქის თანაბარ განვითარებას“,-აცხადებს კლდიაშვილი.

ბიზნესმენების განცხადებით, ქუთაისში ბიზნესი ნელ-ნელა „იდგამს“ ფეხს. მათივე თქმით, კარგი მენეჯენტი და გამოცდილებაა საჭირო, რომ ქალაქში ბიზნესი განავითარო.

 სასტუმრო „ევროპა+“-ის მენეჯერის თენგიზ ცხაკაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უამრავი ბრენდული და ასევე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს, მათ თავიანთი კლიენტი მაინც ყავთ და  საშუალო ბიზნესი, ასე თუ ისე, ვითარდება.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სასტუმო გაიხსნა, ჩვენი კლიენტი მაინც გვყავს. რა თქმა უნდა, ბრენდულ სასტუმროებს კონკურენციას ვერ გავუწევთ. სამომავლოდ გვაქვს გეგმები. გვსურს ჩვენი ბიზნეს ობიექტის გაფართოვება,თუმცა ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია“,-აცხადებს ცხაკაია.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა