|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„უბედურება“- მარადიული პრობლემები თანამედროვე ინტერპრეტაციებით

ქუთაისის მესხიშვილის დრამატულმა თეატრმა 133-ე სეზონი სპექტაკლით „უბედურება“ გახსნა. მძიმე სახელწოდების სპერტაკლში მეცხრამეტე საუკუნის იმერეთის ყოფაა აღწერილი, თუმცა დიდი პარალელებით 21-ე საუკუნესთან. რეჟოსორის გადაწყვეტილებაც შემთხვევით არ არის და გიორგი სიხარულიძემ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ მისი „უბედურების“ მთავარი მიზეზი სიბნელე და გაუნათლებლობა.

უყურებ სპექტაკს და გავიწყდება, რომ თეატრში ხარ. ყველა მიზანსცენა იმდენად ნაცნობია, გგონია, რომ მეზობლების დავას უყურებ მცირე ზომის მიწისა და ერთმანეთის გასაჭირის გაუზიარებლობის გამო. მსახიობების მიერ ოსტატურად მორგებული იმერელი ქალისა და კაცის როლებით განცდა ორმაგდება. იცინი მათ მოსწრებულ სიტყვა-პასუხზე, თუმცა მათი მცდელობა მოჩვენებითად გაუწიონ დახმარება გასაჭირში მყოფ მეზობელს, სიბრალულს იწვევს და  არ თანაუგრძნობ მათ, როდესაც ცდილობენ „გადალოცილი უბედურება“ ერთანეთის მტრობით აიცილონ.

 დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები თამაშობდნენ. პიესის თანამედროვე ინტერპრეტაციამ, მსახიობების შესრულებამ, მუსიკამ და ინგა კაკიაშვილის მიერ შექმნილმა კოსტიუმებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა და დაგვაფიქრა საზოგადოებაში არსებული პრობლემების მარადიულობაზე.

სპექტაკლი გამორჩეული იმითაც იყო, რომ ის სამხატვრო ხელმძღვანელის ამპლუაში გიორგი სიხარულიძის ბოლო ნამუშევარია. მესხიშვილის სცენიდან ყოფილი ხელმღვანელი აპლოდისმენტებით და  მადლობით გააცილეს. მსახიობებისა და მაყურებლისათვის ემოციური იყო რეჟისორის ბოდიში და 11-წლიანი თანამშრომლობის შეფასება.

„მე გემშვიდობებით, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, მაგრამ როგორც რეჟისორი არსად მივდივარ, ყოველთვის ვიქნები თეატრთან კავშირში, სადაც 11 წელი ვმუშაობდი, ეს არ იყო მარტივი და ამიტომ, თუ ვინმეს ამ წლების განმავლობაში რაიმე გაწყენინეთ, ბოდიშს გიხდით“,-განაცხადა გიორგი სიხარულიძემ. 

 

 

რაც შეეხება არჩევანს, რატომ „უბედურება“, რეჟისორმა განამარტა, რომ კულტურის სამინისტროს მოთხოვნა იყო დაგეგმილი ფესტივალისთვის თეატრებს რეპერტუარში დავით კლდიაშვილი ნაწარმოები შეეტანათ, ამიტომ შეაჩერა არჩევანი პიესაზე, რომელზეც  ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში მუშაობდა. რეჟისორის განცხადებით, დარბაზის ემოციით მიხვდა, რომ სპექტაკლის ჩანაფიქრი მაყურებელმა სწორად გაიგო.

პრემიერას მესხიშვილის თეატრში პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი მეუღლესთან ქუთაისის მერობის კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთად დაესწრო. ბალერინამ საკუთარი შთაბეჭდილების გაზიარებისგან თავი შეიკავა. 

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეუძლებელია თეატრის მოყვარული ქუთაისში ჩამოვიდეს და მესხიშვილის თეატრში არ მივიდეს. 

"შეუძლებელია თეატრის მოყვარული ქუთაისში ჩამოხვიდე და არ მოხვიდე მესხიშვილის თეატრში. ასე გამოვიდა, რომ ბედნიერად დაემთხვა ჩემი ჩამოსვლა ქუთაისში სეზონის გახსნას, მით უმეტეს, რომ სეზონი ქართული ლიტერატურის კლასიკოსის დავით კლდიაშვილის პიესით იხსნება. ძალიან მინდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ეს ის ქალაქია, საიდანაც ქართული დრამატული თეატრი დაიძრა და მსოფლიო დაიპყრო", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა