|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვან გეგა-7 წლის მხატვარი, რომელიც ნახატების გაყიდვით დედას ეხმარება

7 წლის გეგა სოფრომაძე ქუთაისში დედასთან, პატარა დასთან და ბებია–ბაბუასთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. ფართის სიმცირის გამო, ხშირად ვერ ხატავს და ამიტომ საკუთარი ფანტაზია მხოლოდ კონტურის სახით გადააქვს ფურცელზე. მოგვიანებით, როდესაც შესაძლებლობა ეძლევა და როგორც თავად ამბობს, ნახატს აცოცხლებს - აფერადებს. ახლაც გაცოცხლების მოლოდინში ბევრი პერსონაჟია.

მეგობრებმა "პიკასო" შეარქვეს. ოჯახში "ვან გეგას" ეძახიან. საზოგადოებამაც ამ სახელით გაიცნო.

გეგამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად, მულტფილმის პერსონაჟებს ხატავდა. დედამ შვილის ნიჭი შეამჩნია და შეეცადა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სამხატვრო სკოლაში მიიყვანა, თუმცა უსახსრობის გამო მალევე შეწყვიტა სტუდიაში სიარული. ახლა საკუთარ უნარებს თავად ივითარებს და მულტფილმის გმირებიდან მის კუმირ მხატვრებზე გადავიდა. მუშაობს ფანქრით, საღებავებით, ზეთში, გუაშით, აკრილში.

მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს დედაშვილობა იკავებს. რთულმა პერიოდმა მასზე დიდი კვალი დატოვა. ცდილობს, დედაშვილობა ნათელი ფერებით დახატოს და ასე გამოხატოს მადლიერება დედის მიმართ, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. ხატავს სახლებს, იცის, რომ ერთ დღესაც მისი დახატული ოცნების  სახლი აუცილებლად ექნება.

 

 

 „კუბიზმი და აბსტრაქცია ძალიან მომწონს, სხვანაირია ამ მიმართულებით მუშაობა, შენ ქმნი და არ ახდენ მხოლოდ ნანახის შესრულებას.  თავიდან მულტფილმის გმირებს ვხატავდი, მაგრამ ახლა თავად ვქმნი პერსონაჟებს, წარმოვიდგენ და ფურცელზე გადამაქვს,  ვცდილობ, ჩემებურად შექმნა და ჩემი განცდებით გამოვხატო. მომწონს ორსახოვანი ადამიანების ხატვა, ჰგონიათ, რომ ეს ადამიანები მოწყენილი არიან, მაგრამ მათ სხვადასხვა ემოცია აქვთ“.

 

  

გეგას შეუძლია დღეში საათობით უწყვეტად ხატოს, მაგრამ ოჯახში არსებული გარემო ამის შესაძლებლობას არ აძლევს. ოჯახმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, რომ მათთვის  პატარა ფართი მოიძებნოს, სადაც გეგა მუშაობს შეძლებს. ამ დრომდე პასუხის მოლოდინში არიან.

„ფართის არარსებობის გამო, ვერ ვახერხებთ მოლბერტი სულ გაშლილი იყოს, რომ გეგამ ხატვა შეძლოს. ამის გამო კონტურებს მოხატავს და მერე ვინახავთ ამ ნახატებს, რომ ოდესმე მოახერხებს ნახატის შექმნას. ზაფხულობით ბუნებაში გავდივართ და არაა პრობლემა, ზამთარში კი ვერ ვახერხებთ. ვითხოვ, იქნებ პატარა ფართი მოგვიძებნონ, რომ გეგამ ხატვა შეძლოს. მე არ მაქვს ამის შესაძებლობა. ვერც სამხატვრო სკოლაში ვატარებ, ვცდილობ, ჩემს შვილს მაქსიმალურად შევუწყო ხელი. ხშირად ბოლო თეთრი გადაგვიხდია  ნივთებში და ამის გამო უთქვამთ, რა  დროს ხატვააო, მაგრამ, მე ვიცი, ეს ჩემს შვილს ჭირდება. უფლის წყალობაა, რაც ხდება და მე ვეხმარები მას ამ ნიჭის გაძლიერებაში. გეგა სტიქაროსნობისთვის ემზადება და უფლის სამსახურში იქნება“,–აცხადებს ქრისტინე მესხი. ქრისტინე პროფესიით ინგლისურის სპეციალისტია. მუშაობდა სხვადასხვა სამსახურში, თუმცა ამ დროისთვის დასაქმებული არ არის.

გეგა ცდილობს დედას მატერიალურად დაეხმაროს,  როდესაც სახატავად საჭირო ნივთები ჭირდება, ნახატებს ყიდის. იცის, რომ ეს მისი მომავლისთვის აუცილებელია.

მისი ნახატები ახლობლების სახლებშია შენახული.  ავტოფარახში ქონდა პატარა სახელოსნო მოწყობილი, თუმცა ნესტმა ნახატები დააზიანა და იძულებული გახდნენ, ყუთებში შეენახათ.

 

ხატვასთან ერთად გამორჩეულად სწავლობს.  მასწავლებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის გაცდენა ხშირად უწევს, მაინც ახერხებს, ყველა საგანს კარგად დაეუფლოს. მომავალში კოსმონავტობას აპირებს, იცის, რომ ამისთვის ბევრი შრომა დასჭირდება.

7 წლის გეგა უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია. მისი ნაშრომი „სნოს“ კონკურსის ფავორიტი  გახდა და ნახატი სტიკერის სახით საახალწლოდ ბოთლებზე დაიტანეს.  დედაშვილობის თემაზე შექმნილი ნახატით „სიზმარას“ კონკურსში გაიმარჯვა, ბოლოს „ტოიოტას“ კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.  მისმა ნაშრომმა საერთაშორისო კონკუსში რვა წლამდე კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა და თავადაც ემზადება იაპონიაში წასასვლელად. უკვე მიიღო შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ჯერ შემოთავაზებებს არ თანხმდება.

 

 

 

 

 

 7 წლის გეგა სოფრომაძე „ტოიოტას“ კონკურსის გამარჯვებული გახდა

ენდი ძიძავა საკუთარ იუბილეზე 7 წლის მხატვრის ოცნებას აასრულებს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა