|
  • EUR 1 = GEL 3.1766
  • USD 1 = GEL 2.706
|

ქუთაისის ახლადარჩეულ საკრებულოში თანამდებობების გადანაწილება მიმდინარეობს

ქუთაისის ახლადარჩეულ საკრებულოს დეპუტატებებმა მანდატები მიიღეს და საქმიანობის დასაწყებად მერის არჩევას ელოდებიან. ვიდრე პარტია ოფიციალურად გაასაჯაროებს კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეების ვინაობას, "ნიუპრესისათვის" უკვე ცნობილი გახდა, ვინ დაიჭერს საკრებულოში საკვანძო თანამდებობებს.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა ლატარია განმარტავს, რომ ამ დროისთვის პარტიაში პრიორიტეტს მეორე ტური წარმოადგენს და  საკრებულოში ადგილების გადანაწილებაზე აქტიურად არ მსჯელობენ.

"ჯერ ვერ გეტყვით, ვინ რა თანამდებობას დაიჭერს, ამ დროისთვის მეორე ტურზე ვართ ორიენტირებული, ამის შემდეგ დავიწყებთ აქტიურ მსჯელობას", -განაცხადა ნიკა ლატარაიამ და დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. 

 

"ნიუპრესის" ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შენგელია სახელდება, მეორე მოადგილედ კი პროპორციული სიის მესამე ნომერი რამაზ ჩხიკვაძე მოიაზრება. 


ირაკლი შენგელია აღნიშნავს, მთელი გუნდი მობილიზებულია და მზადაა სამუშაო პროცესისთვის.
"დაელოდეთ პირველ სხდომას და ყველაფერი გახდება ცნობილი. მთლიანი გუნდი მობილიზებულია. წინ გველის დატვირთული, თუმცა ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესები"-აღნიშნავს შენგელია და ამბობს, რომ შეთავაზების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დათანხმებას არ გამორიცხავს.


თავმდჯომარის მეორე მოადგილის პოსტზე მის კანდიდატურას არ ადასტურებს რამაზ ჩხიკვაძე, რადგან განმარტავს, რომ ამ საკითხზე მასთან მსჯელობა არ მომხდარა.

"უარვყოფ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მოვიაზრები, არ ყოფილა საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი",-აღნიშნავს ჩხიკვაძე.

ფრაქციის "ქართულ ოცნება" თავმჯდომარის პოზიციას, არსებული ინფორმაციით,  საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი მარეხ ნიჟარაძე დაიჭერს.

თანამდებობის გარეშე არ დარჩება აქტიურობით გამორჩეული წევრი ოთო ლორთქიფანიძე, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა. არსებული ინფორმაციით, ის სწორედ კულტურის, განათლებისა, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიას ჩაიბარებს. 

პარტიაში დანარჩენ თანამდებობებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საკრებულო პირველ სხდომას ცესკოს მიერ მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე შეუდგება.

არსებული მონაცემები სამუშაო ვერსია და შესაბამისად, შესაძლოა, მასში ცვლილებებიც შევიდეს.

შეგხესენებთ, რომ საკრებულო 25 წევრიანია, სადაც 19 მანდატი "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა. 

სავარაუდოდ, "ქართული ოცნება" რამდენიმე ფრაქციას შექმნის, ერთი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ფრაქციის თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატურის შესახებ არც "ნაციონალურ" მოძრაობაში საუბრობენ.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე, ნესტან ჩაგელიშვილი