|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭავჭავაძის გამზირზე, სკვერში დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის #46-ში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი პროტესტის მიზეზი ბინის წინ არსებულის სკვერის გაიჯარება და იქ ავტოსადგომის მოწყობა გახდა.

ადგილობრივებმა საკითხი, გუშინ, საკრებულოს სხდომაზეც გააპროტესტეს. მათი თქმით, სკვერში ავტოსადგომის მოწყობას და მშენებლობას ხეები შეეწირება.

ადგილზე დღეს აქციაც გაიმართა.  მოსახლეობასთან ერთად იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. საკრებულოს დეპუტატის გია უკლებას თქმით, ბინის მოსახლეობა აპროტესტებს შოთა მურღულიას სიხარბეს და არ მისცემენ მას უფლებას სკვერი გასხვისდეს.

„შოთა მურღულიას განცხადება, რომ ადგილზე ავტოპარკინგი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და სანაყინე მოეწყობა, არის სრული დემაგოგია და მიუსადაგებელია ერთმანეთთან. როგორ შეიძლება ბავშვების ატრაქციონთან ავტოსადგომი მოეწყოს? მოსახლეობა არ მისცემს შოთა მურღულიას უფლებას,  მათი ჯანმრთელობის ხარჯზე მოახდინოს ტერიტორიის გასხვისება“, -განაცხადა გია უკლებამ.

 ჭავჭავაძის #46- ში არსებული სკვერის გასხვისებას ტერიტორიის მოვლით ხსნის ქალაქის მერი. შოთა მურღულიამ საკრებულოს განუმარტა, რომ ტერიტორია მოუვლელია და თუ კერძო მესაკუთრე აიღებს მასზე მეთვალყურეობას,  მას სკვერის მოვლაც დაეკისრება. ამასთან, ადგილზე მოეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სანაყინე, საბავშვო ატრაქციონები და მიმდებარედ გაკეთდება პარკირება. 

როგორც ქალაქის მერმა გუშინ აღნიშნა,  საკითხი საკრებულოს განსახილველ საკითხებში  ვერ მოხვდა, რადგან საგზაო დეპარტამენტის თანხმობა  პარკირების მოწყობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. დღეს კი მურღულიამ განაცხადა, რომ საკითხი უკვე გარკვეულია და  ადგილზე პარკირება აღარ მოეწყობა. 

„მხოლოდ სანაყინისთვის არ გავაიჯარებთ ტერიტორიას, მის მეპატრონეს უნდა დაეკისროს ტერიტორიის მოვლა და საბავშვო ატრაქციონის მოწყობა.  პარკირების მოწყობაზე თანხმობა არ გასცა საგზაო დეპარტამენტმა, ამიტომ აღარ მოეწყობა. რაც შეეხება ხეებს, არცერთი ხე არ მოიჭრება“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა