|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წინასაარჩევნო კამპანია და ურთიერთბრალდებები ქუთაისში

წინასაარჩევნოდ აქტივისტებთან შეხვედრასა და საარჩევნო პროგრამის გაცნობასნაციონალური მოძრაობაქუთაისშიც გეგმავს. რისთვისაც  ორგანიზაციამ  მერიას მიმართა და ადგილის გამოყოფა მოითხოვა. ადგილობრივი ხელისუფლების პასუხები და არგუმენტები,  „ნაციონალური მოძრაობის“  ბრიფინგების მიზეზი გახდა.

როგორც ორგანიზაციის ქუთაისის #47 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გია თევდორაძემ განაცხადა, მერია „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილის დათმობაზე უარს არარსებული არგუმენტების გამო ეუბნება.

„პირადად ვესაუბრე შოთა მურღულას და ვუთხარი, 27 სექტემბერს დაეთმო სპორტის სასახლე, სადაც ჩვენს აქტივისტებს შევხვდებოდით, მაგრამ მან მაცნობა, რომ სპორტის სასახლე დატვირთულ რეჟიმში ყოფილა და ამიტომაც უარი გვითხრა. შემდგომ შევცვალეთ ლოკაცია და ავირჩიეთ ვერიკო ანჯაფარიძის სკვერისა და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რაზედაც გვიპასუხეს, რომ 27 სექტემბერს სკოლაში სასწავლო პროცესია და ხელი შეეშლებოდათ. ჩვენ ადეკვატურ არგუმენტად ჩავთვალეთ და შევცვალეთ თარიღი. მეორე წერილი გავუგზავნეთ მერიას და ვაცნობეთ 1 ოქტომბერს დაეთმოთ ადგილი, რაზედაც გვიპასუხეს, რომ თურმე ააიპი კულტურულ დაწესებულებას და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას ჰქონით ამ დროს ღონისძიება დაგეგმილი“-განაცხადა თევდორაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე  თვლის, რომ ბავშვების ღონისძიება სახელდახელოდ დაიგეგმა, რადგან, ღონისძიებაში მონაწილე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ მათ მოულოდნელად შეატყობინეს ღონისძიების თარიღი და რომ 3 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება 1 ოქტომბერს გადმოიტანეს.

„ღონისძიების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენს გამო შეცვალეს თარიღი. მაშინ, როცა ხელისუფლება მშვიდობის მემორანდუმს აქვეყნებს, ჩვენ შეხვედრას ბავშვების ღონისძიებას უპირისპირებს“-განაცხადა თევდორაძემ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიას მესამე წერილით მიმართა და შეხვედრის ადგილად მერიის მიმდებარე ტერიტორია ითხოვა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოუწოდებს მერიას დროულად აცნობოს პასუხი და არ დაარღვიოს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ არსებული კანონი.

გია თევდორაძის განცხადებას მერიაში მალევე გასცეს პასუხი და აღნიშნეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაძლებლობა ჰქონდა პარტიებისათვის საარჩევნოდ  გათვლილი ადგილებით  ესარგებლა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის ჩასატარებლად სამი ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვმართა წერილობით 27 სექტემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ, რაზედაც ვაცნობეთ, რომ ხელი შეეშლებოდა სასწავლო პროცესს, თვითონაც დაგვეთანხმნენ და შეცვალეს თარიღი, რომელიც დაემთხვა საბავშვო ღონისძიებას, ჩვენ ვერ შევცვლიდით დაგეგმილი ღონისძიების თარიღს, ამიტომაც შევთავაზეთ მათ სამი ადგილი, სადაც შეეძლოთ აქციის ჩატარება, ესენია: ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორია, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი სრულად და ხარაზოვის ბაღი. არ ვიცი, რატომ არ სურთ აღნიშნული ადგილები“, – განაცხადა ჯავახიამ. ჯავახია არც საბავშვო ღონისძიების თარიღის შეცვლას ადასტურებს და ამბობს, რომ კულტურის ააიპ-ს ღონისძიება  გარკვეული პერიოდის წინ ქონდა დაგეგმილი. აქვე ჯავახიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ კანონის შესაბამისად მოქმედება ურჩია. „გვაცნობეს, რომ აქციას მერიის მიმდებარედ ჩაატარებენ. ჩვენ ვართ კანონმორჩილი ხელისუფლება და ვიცავთ მოქალაქეების მშვიდობიან გადაადგილებას, ამასვე მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“- არ შეაფერხონ მოქალაქების უსაფრთხო გადაადგილება, რაც არაა გამორიცხული მერიის მიმდებარედ აქციის გამართვის დროს“,-განაცხადა ჯავახიამ.

 ოპოზიციური პარტიისთის ადგილის გამოყოფის თემა ამით არ დასრულებულა, დღის ბოლო ქუთაისის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდა და საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააჟღერეს, რის გამოც მერმა ბრიფინგი დანიშნა. თვითმმართველობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მედიას მიაწოდა  და ორგანიზაციას კი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. “თუ “ნაციონალური მოძრაობა” აიღებს პასუხისმგებლობას და  გადაკეტავს რუსთაველის გამზირს, ან წმინდა ნინოს ქუჩას და ამის შესახებ  ჩვენც გვაცნობებენ, კარგი იქნება. გავაფრთხილებთ საპატრულო პოლიციას. ჩვენს მთავარ მონაპოვრად ის მიმაჩნია, რომ არ მოვიქცეთ ისე, როგორც ისინი იქცეოდნენ ზუსტად 4 წლის წინ და ოპოზიციას არ აძლევნდნენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქციის გამართვის საშუალებას”, -აღნიშნა შოთა მურღულიამ. მან თევდორაძისა და მისი საუბრის იმ დელიკატურ ნაწილზეც ისაუბრა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“აქტივისტების მცირე რაოდენობას შეეხებოდა. „მათ ჩვენი შეთავაზებული ადგილი არ უნდოდათ, რადგან თევდორაძემ მითხრა, რომ შეთავაზებულ ადგილებზე საკმარისი რაოდენობის ხალხს ვერ შეკრებდა.  ეს არაა ჩვენი პრობლემა, თუ „ნაციონალები“ ბევრი ვერ გამოჩნდებიან. ჩვენ მივცემთ მათ აქციის ჩატარების უფლებას, თუ აიღებენ პასუხისმგებლობას, რომ უზრუნველყონ მოქალაქეთა მშვიდობიანი გადაადგილება და არ მიუახლოვდებიან მერიის შენობას 20 მეტრის რადიუსით, რადგან აქ ფუნქციონირებს ტურისტული ცენტრი“,–განაცხადა შოთა მურღულიამ.

 პასუხზე პასუხით არ დააყოვნა გია თევდორაძემაც, მისი თქმით, “ეს უნიათო ხელისუფლება მათ ვერასოდეს დაემსგავსება”.  რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გია თევდორაძე განმარტავს, რომ პასუხისმგებლობა მოსახლეობის უკმაყოფილებასა და აქციის შედეგებზე, ყველა შემთხვევაში,  ხელისუფლებას ეკისრება. “ჩვენ აქციას ჩავატარებთ აუცილებლად, ჩავატარებთ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც შეეხება რიცხოვნებას, ამას ყველა დაინახავს, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”. ხალხის აგრესიასა და შექმნილ დისკომფორტზე პასუხისმგებლობა კი,  ხელისუფლების პრეროგატივაა” ,- აღნიშნა გია თევდორაძემ.

 

აქცია 1 ოქტომბერსაა დაგეგმილი. მისი მშვიდობიანი ჩატარება ორივე მხარისთვის გამოწვევაა. საპარლამენტო არჩევნებისთის ქუთაისში შეკრებებისა და მანიფესტაციის კანონის ფარგლებში საარჩევნოდ ორი ადგილი: მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი და ხარაზოვის ბაღში მდებარე ე.წ. ნიღბების თეატრის შენობა გამოიყო, თუმცა საარჩევნო პერიოდის ფარგლებში, პარტიები ამ ობიექტებით  ნაკლებად სარგებლობენ, საერთოდაც, ქალაქში საარჩევნო ციებ–ცხელება ნაკლებად შეიმჩნევა.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. 

  ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია  საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი