|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხალხში არაა გაცნობიერებული, რომ მოციმციმე არითმიის განკურნება შესაძლებელია"

„ერთ საერთო ფრაზას გეტყვით, რომელსაც პაციენტები ხშირად მეუბნებიან - არ ვინანეთ ამ ოპერაციის გაკეთება,“- ამბობს ექიმი კარდიოლოგი გიორგი ჩხოლარია, რომელიც ქუთაისში, მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ კრიოაბლაციის ოპერაციას უკვე 5 თვეა ატარებს.

2018 წლის ივლისში, ქუთაისში მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ პირველმა კრიოაბლაციამ წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ, ქუთაისში კიდევ არაერთი ოპერაცია ჩატარდა. გიორგი ჩხოლარია ამბობს, რომ კრიოაბლაცია, შედეგების თვალსაზრისით, იმაზე უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

ექიმი კარდიოლოგი აღნიშნავს, რომ აქამდე, მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ, რადიოსიხშირულ აბლაციას მიმართავდნენ, რაშიც საკმაოდ დიდი დრო იხარჯებოდა. კრიოაბლაციის შემთხვევაში კი, პროცედურა თითქმის განახევრებულია და როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი  ეფექტს მომენტალურად იღებს. ამასთან, არ სჭირდებათ ნარკოზის გამოყენებაც. კრიოაბლაციის კიდევ ერთი უპირატესობა მარტივი პროცედურაა, რის გამოც მას ბევრი პაციენტი თანხმდება.

„ოპერაციაზე საუბრისას, პაციენტის პირველი პასუხია ხოლმე, რომ ეშინიათ. თუმცა, კრიოაბლაციის შემთხვევაში, მათი დაყოლიება უფრო ადვილი გახდა. როცა ვუხსნით, რომ ეს არის უნარკოზო ოპერაცია, ადგილობრივი ანესთეზიით მიმდინარეობს, რომ მეორე დღეს უკვე სახლში მიდის, ოპერაცია უსისხლოა და არ არის მტკივნეული, მას უკვე რთულ ოპერაციად არ აღიქვამენ,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

მისივე თქმით, მოციმციმე არითმია ძალიან გავრცელებული დაავდებაა განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. ექიმი ამბობს, რომ დაავადების მაჩვენებლები მზარდია არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, მიმართვიანობა მაინც დაბალია.

„ხალხში არ არის გაცნობიერებული, რომ ამ დაავადების განკურნება შეიძლება. დაავადებას უყურებენ, როგორც ქრონიკულს და მიაჩნიათ, რომ მთელი ცხოვრება წამლების ქვეშ უნდა იყვნენ,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

მისივე თქმით, ამ ოპერაციის დანერგვა შეუძლებელი იქნებოდა ჯანდაცვის პროგრამის გარეშე, რომელიც ასაკით პენსიონერებს და მიზნობრივი პოლისის მატარებელ პაციენტებს აფინანსებს.

„პროცენტული მაჩვენებლი, ვინც კრიოაბლაციაზე თანხმდება, კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული იქნებოდა არა საპენსიო ასაკის ხალხშიც,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

კრიოაბლაციის საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა და შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება. პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და რენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება. კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.
კრიოაბლაციის მიმართულებით დღეს საქართველოში 3 წარმატებული ექიმ-კარდიოლოგი მუშაობს: ზვიად მათოშვილი,გიორგი პაპიაშვილი, გიორგი ჩხოლარია.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.janmrteligulit.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა