|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება მონოლოგის რეჟიმიდან უნდა გამოვიდეს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში კრიტიკული მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ   ხელისუფლებისათვის საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობა დიდი  გამოწვევაა.

პრეზიდენტის თქმით, 25 წელია აკვირდება პროცესებს და ხედავს კრიტიკული აზრის აუტანლობას და პროცესების მონოლოგის რეჟიმში გადატანის მცდელობებს, რაც საბოლოო ჯამში, კრახით სრულდება ხოლმე.

,,რამდენი ინიციატივა იყო, თუნდაც ჩემ მიერ გამოთქმული თანამშრომლობაზე საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობასთან.  ყველა თემაზე არის მცდელობა დიალოგის გადატანისა დუმილის რეჟიმში, ყველ თემაზე არის მცდელობა იმისა, რომ ილაპარაკოს ერთმა მხარემ და განსხვავებული მოსაზრება იყოს არასაინტერესო, არარელევანტური და მიუღებელი. მე, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკაში არ მოვსულვარ გუშინ, ან გუშინწინ. 25 წელია ამ ქვეყნის პოლიტიკას ვუყურებს, დუმილის რეჟიმის აბსურდულობა და დუმილის რეჟიმის ფიასკო ბევრჯერ გამივლია,  ეს არის სირთულე"-განაცხადა მან.

 

პრეზიდენტის თქმით, ყველა ვეტო, რომელიც იქნა დაძლეული დიდი წარმატებით, ან საკონსტიტუციომ შეაჩერა, ან თვითონ მთავრობამ. "ხომ შეიძლება, რომ დავფიქრდეთ და ვთქვათ, რომ იქნება მაინც ღირს, რომ უფრო ვესაუბროთ ერთმანეთს?“ - აღნიშნა  გიორგი მარგველაშვილმა.  

გიორგი მარგველაშვილის თქმით, სწორედ  კრიტიკული მედია და "რუსთავი 2" არის დიალოგის შემქმნელი.

,,ამ თვალსაზრისით,  "რუსთავი 2" როგორც შემქნელი კრიტიკული დიალოგისა, არის მნიშვნელოვანი. უნდა გადავიდეთ ტრივიალური ჭეშმარიტებების გამეორებაზე, თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ეს არის აქსიომა და რამდენჯერ მჭირდება ამის გამეორება პირდაპირ ეთერში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ,,არჩევანში”. 

ავტორი: ნიუპრესი