|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსახიობი, რომელმაც მაყურებლებს მილიციელისადმი შიში გაუქრო (ვიდეო)

 საქართველოში ახალი წელი გოვენ ჭეიშვილის მონაწილეობით გადაღებული ფილმის, „კუჩხი ბედინერის“ გარეშე არ დგებოდა. ჩვენც, გარკვეულწილად, ამ ტრადიციას ვეხმაურებით,  „ნიუპრესის“  სტუმარი   გოვენ  ჭეიშვილია.

 საბჭოთა მასშტაბით ყველაზე „რეკორდულ დანაშაულს“ 42 წელი შეუსრულდა,  ხუტა უფროსს კი 75. ფართო წრეებში მას სწორედ ამ სახელით იხსენიებენ. გოვენ ჭეიშვილი 4 შვილის მამა, სამი შვილიშვილის ბაბუა, ერთი შვილთაშვილის პაპა და მთელი ქვეყნისათვის „ხუტა უფროსია“..

ერთ დროს მხიარული „ხუტა უფროსი“ დღეს მოკრძალებით დადის საყვარელი თეატრის ფოიეში და ნაცნობებს  სიყვარულით ესალმება. იუმორი ისევ გამორჩეული აქვს, ქუთაისური და ლაღი.

დაიბადა ქუთაისში 1940 წელს.  სკოლაც აქვე დაასრულა. შემდეგ სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. ამავდროულად, ხატვით იყო გატაცებული, თუმცა ხელოვნების ამ დარგში ძალები მამის გამო ვერ მოსინჯა.

„ვხატავდი, ვქმნიდი ილუსტრაციებს. ერთხელაც თბილისში, მფრინავთა სკოლაში მიღება გამოცხადდა. მოვამზადე საბუთები და მამას ვთხოვე, გაეგზავნა. გავიდა დრო და ყველას მოუვიდა პასუხი, მე კი, არა. ჩავიქნიე ხელი და აღარც გამხსენებია, რომ არა ერთი შემთხვევა. წლების მერე სახლში შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემს მიერ მომზადებული საბუთები. მამას ვკითხე, რა მოხდა მეთქი და მითხრა, „სად გაგიშვებდი „პაგონებიანი“  შვილი მინდა სახლშიო?..“  ვერაფერი ვუთხარი, შინაგანად კი ძალიან გავბრაზდი და თუ რამე ტილო მქონდა, გამოვიტანე და ცეცხლი წავუკიდე“,–იხსენებს მსახიობი.

 

 
კინოშიც შემთხვევით მოხდა. რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში მიიწვია სათამაშოდ, თუმცა არა „ხუტა უფროსი“, არამედ „ღინტუ“ უნდა ეთამაშა. როლისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, თვენახევრის განმავლობაში ცდილობდა სახასიათო და დასამახსოვრებელი „ღინტუ“ ყოფილიყო.

 

შედეგ იყო „კუჩხი ბედნიერი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „სამოთხის გვრიტები“ და სხვა დასამახსოვრებელი როლები. მიუხედავად კინოში მიღწეული წარმატებისა, ამბობს, რომ თეატრმა მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა.

„თეატრი სულ სხვაა, აქ შეგიძლია როლზე დაუსრულებლად იმუშაო. არ მოგწონს, რაღაც შეგიძლია შეცვალო, ყოველ ჯერზე უკეთ და უკეთ შეასრულო. კინო კი ამის უფლებას არ გაძლევს. გადაიღებ და მორჩა. საერთოდ ჩვევად მაქვს, პრემიერას არ ვუყურებ, რადგან ვთვლი, რომ ეს არაა ნამდვილი თამაში, ის რაც შეუძია მსახიობს.  აი, სამი, ოთხი სპექტაკლის მერე შეიძლება, ზუსტად გაიგო მსახიობის სათქმელი, როლში კარგად არის შესული“,–აცხადებს გოვენ ჭეიშვილი.

მსახიობობას პოეზიასაც წარმატებით უთავსებს. გამოშვებული აქვს ლექსების კრებული. ბოლო ლექსზე 9 წელი მუშაობდა და მას უჩვეულო სახელი „დაჩოჩებული“ დაარქვა. ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა სიტუაციას, ლექსიც ნელ–ნელა იქმნებოდა. გაგვიმხილა, რომ შეიძლება ეს არც არის მისი დასრულებული ვერსია და შესაძლოა, რამდენიმე სტროფი კიდევ მიუმატოს.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა