|
  • EUR 1 = GEL 3.0282
  • USD 1 = GEL 2.4791
|

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა ქუთაისის მეორე საპყრობილეში თვითმკვლელობა სცადა

ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულმა ქუთაისის მეორე საპყრობილეში თვითმკვლელობა სცადა. მომხდარის შესახებ გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე აცხადებს. ტუკვაძის თქმით, მას დაუკავშირდნენ პატიმრის ოჯახის წევრები და აღნიშნულის შესახებ მათგან შეიტყო.

ადვოკატი გრიგოლ ბაკურაძის მოსანახულებლად ციხეშია შესული, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ შეხვედრია. როგორც ადვოკატი  აცხადებს, გრიგოლ ბაკურაძე, რომელიც იყო წარმატებული მოქალაქე, კარგი მამა და მეუღლე, თავად  გახდა ძალადობის მსხვერპლი, მის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია, რის გამოც მან თვითმკვლელობა სცადა. ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია თვითმკვლელობის მცდელობის ფორმა.

"წარმატებული მოქალაქე იყო, არაჩვეულებრივი მამა და მეუღლეა, მაგრამ მის წინააღმდეგ გაერთიანდა ყველა.  მაღალი თანამდებობის პირებმაც გამოაცხადეს დამნაშავედ, ასევე იუსტიციის მინისტრი პირდაპირ აცხადებდა და აძლევდა რეკომენდაციას სასამართლოს, რომ შეცვლილიყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ ეჩვენებინათ, როგორ ემიჯნებიან ძალადობას.  იმის ნაცვლად, რომ ოჯახის გადარჩენაზე იზრუნონ და ფსიქოლოგები ჩაერთონ, მოითხოვენ ოჯახის დანგრევას, რაც არის უკვე ტენდენცია და ცუდ შედეგებამდე მიგვვიყვანს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ოჯახურ ძალადობაში არ არსებობს ერთი მხარე იყოს მართალი,  მაგრამ ბაკურაძეები არ აკეთებდნენ განცხადებებს, რომ მცირეწლოვანი შვილის ინტერესი არ შელახულიყო, თუმცა მეორე მხარე ყველაფერს აკეთებდა მის წინააღმდეგ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ  უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა. ის იყო წარმატებული ადამიანი და ვერ გაუძლო გარედან არსებულ ამდენ ზეწოლას, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და თვითმკვლელობა სცადა, რა ფორმით, ჯერ არ ვიცი", -განაცხადა ლედი ტუკვაძემ.

მისი თქმით, გრიგოლ ბაკურაძეზე განხორციელებული ზეწოლა მისი მამის გოჩა ბაკურაძის საქმიანობის გამო ხდება.

ადვოკატის თქმით, საქმე თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

შეგახსენებთ, 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა. მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბაკურაძეს პატიმრობა შეეფარდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი