|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველა ბავშვი ყველა ტურნირზე ვერ დაფინანსდება - ჭადრაკის ფედერაციაში განმარტებას აკეთებენ

საქართველოს 5-გზის და მსოფლიო ვიცე ჩემპიონის ანასტასია კირთაძის შესახებ "ნიუპრესით" გაჟღერებულმა ინფორმაციამ, რომ მან ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე წასვლა უფულობის გამო ვერ შეძლო, საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.

 დეტალური ინფორმაციისთვის ანასტასიას დედას დავუკავშირდით. ირმა ფანჩულიძის თქმით, მისი შვილის წარმატებების და ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ ქალაქში ყველა ინფორმირებული იყო. 

 "ჩემი შვილი 10 წლის არის, თუმცა 11 წლიანებში გახდა საქართველოს ჩემპიონი.  ჩვენ შეგვეძლო აგვერჩია ევროპის,   ან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, ჩვენ ავირჩიეთ მსოფლიო ჩემპიონატი.  აპრილში ანტალიაში გამართულ ჩემპიონატში ანასტასია 11 წლიანებში გახდა მსოფლიო ვიცე ჩემპიონი. ამით ჩვენ ამოვწურეთ ჭადრაკის ფედერაციიდან დაფინანსების ლიმიტი, თუმცა, ანასტასიამ საუკეთესო შედეგი აჩვენა ყველა მაჩვენებლით, ამიტომ იმედი მქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დაფინანსებას მივიღებდით. ჩვენი საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელობიდან საქმის კურსში იყო  სპორტული ააიპის ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე, რომლის მხრიდან ინფორმირებული იყო ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია", -აცხადებს ფანჩულიძე.

მისი თქმით, სხვა რეგიონებში ბავშვებს სტიპენდია აქვთ, მის შვილს კი წარმატებების მიუხედავად, სტიპენდია არ აქვს. "ნიჭის მკვლელი ქვეყანა, გასაცოდავებული ქუთაისი, რომელსაც იმის საშუალება არა აქვს, დააფინანსოს ერთი ბავშვი მაინც,  სხვა რეგიონებში სტიპენდია აქვთ ბავშვებს, დროა, გავამზადო ჩემოდანი ჩემი ოჯახისთვის"- წერს ირმა ფანჩულიძე სოციალურ ქსელში. 

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ოფიციალური მომართვა ჭადრაკის ფედერაციიდან მათ არ მიუღიათ.

იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელის ზაზა ლომინაძის განცხადებით, ყველა ბავშვი ყველა ტურნირზე ვერ დაფინანსდება. 

"მერიას თუ დაფინანსება უნდოდა, ჩვენი მიმართვა საჭირო არ იყო. იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია არის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განუყოფელი ნაწილი. ჭადრაკის ფედერაციამ ამ ბავშვს მისცა ოფიციალური დაფინანსება მისი მოპოვებული ადგილის შესაბამისად, საქართველოს აქვს თავის ქვოტა, თუ ვინმეს უნდა კიდევ წასვლა, ეს თითოეულის ნებაა. ყველა ტურნირზე ყველა ბავშვის დაფინანსება ვერ მოხდება, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წარმატებულ ბავშვებს ხელი შევუწყოთ. ანასტასიას  სხვა ტურნირზე აქვს დაფინანსება მოპოვებული, წავა იქ და დაამტკიცებს თავის სიძლიერეს,"- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.  

ავტორი: ნიუპრესი