|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" 2 ათასამდე თანამშრომელი უშუქობას აპროტესტებს

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლს“ ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც  თანამშრომლები პროტესტს გამოთქვამენ. სავაჭრო ცენტრის დირექტორი, ნატო დანელია, რომელიც  "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი და  ქუთაისის მაჟორიტარობის  სავარაუდო კანდიდატია, აცხადებს, რომ გამორთვები სისტემატიურად ხდება, რაც მათ სერიოზულ ზარალს აყენებს. დანელია აცხადებს, რომ  აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მიმართეს  შესაბამის სამსახურებს,  თუმცა  რეაგირება არ მომხდარა. მისი განცხადებით,  ელექტროენერგიის არქონის გამო რამდენიმე დღის  განმავლობაში ორი ათასი ადამიანი უმუშევრად დარჩა.  

„ჩემთვის არ არის ცნობილი, რატომ  ხდება  ელექტროენერგიის ხშირი გამორთვა. ამის გამო რამდენიმე სამუშაო დღე ჩავარდა. ვესაუბრე შესაბამის სამსახურებს, თუმცა რეაგირება არ მოჰყვა. დღეს, ელექტროენერგია დილის 10:00 სთ-ზე წავიდა და ამ დრომდე სიბნელეში, კონდენცირებისა და წყლის გარეშე გვიწევს ყოფნა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დღესვე გავესაუბრე "ენერგო პრო ჯორჯიას" მენეჯერს კახა კუჭუხუძის, რომელსაც მოვთხოვე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ  მოგვეწოდება ელექტრო ენერგია, თუმცა პასუხი ვერ მივიღე“,- აღნიშნავს „გრანდმოლის“ დირექტორი.

თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ელექტრო ენერგიის არ ქონა დაკავშირებულია თურქულ კომპანიასთან, რომელიც წყლის სამუშაოებს ასრულებს. მათი ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას დააზიანეს კაბელი, რომლითაც სავაჭრო ცენტრს ელექტროენერგია მიეწოდებოდა.

„არაერთხელ მოხდა მძლავრი კაბელის გახეთქვა. თურქულ კომპანიას არ ყავს ზედამხედველი "ენერგო პრო ჯორჯიასგან", რომელიც მოუხაზავდა იმ ტერიტორიას, სადაც ელექტრონული კაბელებია განთავსებული.  რატომ გვეზღუდება მუშაობის უფლება, რატომ არ გვცემენ პასუხს? ძალიან რთულია 38 გრადუს სიცხეში იყო შენობაში, ელექტროენერგიის, წყლისა და კონდიცირების გარეშე. მივმართავ "ელექტრო პრო ჯორჯიას", თუ ვერ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მოწოდებას, თავიანთი ხარჯებით შეგვიძინონ გენერატორი, რომ  არ ჩაგვივარდეს მუშაობა“,- განაცხადა დანელიამ.

"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ  სავაჭრო ცენტრს   ელექტრო ენერგია   173 -ე ფიდერის ავარიულად გამორთვის გამო გაეთიშა. ავარიაული გათიშვა თურქული კომპანიის მიერ, დაზიანებულმა კაბელმა გამოიწვია, რომელიც წყლის სამუშაოებს აწარმოებს. მათი განცადებით,  ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა