|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში 227 მლნ დოლარად ქარის ელექტროსადგური აშენდება

ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. აღნიშნულის თაობაზე ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით  დეტალური ინფორმაცია ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, რომელთან ერთადაც დააფუძნებს საერთო საწარმოს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ ინტერესი და წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლის 18:00 საათისა.

ქარის ელექტროსადგურის სავარაუდო პარამეტრებია: დადგმული სიმძლავრე - 150 მეგავატი; გამომუშავებული ელექტოენერგია - 478.2 მლნ. კვტ/საათი; ტურბინების რაოდენობა - 50 ერთეული; თითო ტურბინის დადგმული სიმძლავრე - 3 მეგავატი; პროექტის ღირებულება - 227 მლნ აშშ დოლარი.

დღეისათვის ამ პროექტისთვის არსებობს წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც იქნება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ არაფულადი შენატანი საერთო საწარმოს საწესდებო კაპიტალში და შეფასებულია 40 000 ლარად. საერთო საწარმოს თავდაპირველი საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს 400 000 ლარს.

ინვესტორთა შერჩევის ტენდერის გამოცხადებასთან ერთად, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აწესებს საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტულ პირობებს.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა შესაძლოა მოპოვებულ იქნას დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი მოთხოვნის და გაუმჟღავნებლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“, - ნათქვამია „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი