|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ზესტაფონში ყველა ფულის საშოვნელად მოდის"- მერობის კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის  "პატრიოტთა ალიანსის"  კანდიდატი კახა შავგულიძე "ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, კახა მახათაძემ ქვედა საქარის გამგებლობის კანდიდატთან ერთად სოფლის საბავშვო-ბაღს ძელსკამები გადასცა. შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა. კახა შავგულიძე განმარტავს, რომ გამგემ ქეთევან კიკნაველიძემ ფაქტი "იუსაიდის" წარმომადგენლებთან დაადასტურა.

"კახა მახათამემ დაარღვია კანონი და ძელსკამები გადასცა ბაღს. ფაქტი ბაღის გამგემ დაადასტურა და განაცხადა, რომ თანახმა იქნება, თუ ვინმე რამეს აჩუქებს ბაღს. ჩვენ ვართ უთანასწორო ბრძოლაში", -განაცხადა კახა შავგულიძემ. მისი განცხადებით, ის არის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე "ქართული ოცნებიდან", თუმცა მისი განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" ზესტაფონში მომხრეები პარტიის გარეთ დატოვა და სიაში ყოფილი "ნაციონალები" შეიყვანა.

"ნაციონალები" არიან პარტიაში. კახა მახათაძე მათი მხარადმჭერი იყო ყოველთვის და ახლა "ქართულ ოცნებაში" გადმოვიდა. დღეს ზესტაფონში არავინ მოდის ქალაქის განვითარებისთვის, ყველა ფულის საშოვნელად მოდის"-განაცხადა მან.

ქეთევან კიკნაველიძის განცხადებით, მისი ბაღი ახლად რეაბილიტირებულია და ეზოსთვის ძელსკამებს ითხოვდა. ერთი თვის წინ მიუტანეს ნივთები თუმცა, როგორც კიკნაველიძე აცხადებს, მან არ იცის ვინ გაუგზავნა ის.

"ვითხოვდი დიდი ხანია სკამებს, მომიტანეს და არ მიკითხავს, ვინ გამოაგზავნა. რა უნდა შავგულიძეს, ვერ გავიგე, როდის დავადასტურე, რომ მერობის კანდიდატმა მომიტანა? სულ არ ვიცი, ვინ არის ეს კანდიდატი. ეს იყო ძველი სკამები და მე ჩემი ხელით შევღებე", - განაცხადა ქეთევან კიკნაველიძემ. 

კახა მახათაძეს დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეც ადანაშაულებს ამომრჩევლის მოსყიდვაში.  მისი განცხადებით, მოსახლეობას სახლის გადასახური მასალა მიუტანა. ბრალდებას არ ეთანხმება კახა მახათაძე.

ავტორი: ნიუპრესი