|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.კ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, ზესტაფონში, ერთ-ერთი შპს-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სადგომის ტერიტორიაზე, საწარმოს კონტროლიორებს - დ.კ.-ს და ბ.ღ.-ს, განაწილებული სადგომების ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.კ.-მ, შურისძიების მოტივით, ბ.ღ.-ს თავის არეში ხის კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ღ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციის თანამშრომლებმა დ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ავტორი: ნიუპრესი