ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ქუთაისში ომის ვეტერანები მემორიალთან შეიკრიბნენ და მეორე მსოფლიო ომის დღეები და დაღუპული თანამებრძოლები გაიხსენეს.
დაღუპულების ხსოვნას პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიაგეს.
„უდიდესი გამარჯვების დღეა 9 მაისი. ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავს პირველ რიგში ვულოცავ ომის ვეტერანებს, ჩვენს გმირ თანამემამულეებს. ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაამარცხეს ფაშიზმი. ბევრი მათგანი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას. ჩვენ ყოველთვის მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას და ღვაწლს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.