სექტემბერი 15, 2021

ქუთაისის აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით ფრენები განახლდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მიმართულებით ფრენები განახლდება. ავიამიმოსვლა 28 სექტემბრიდან დაიწყება.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ვებ-გვერდზე.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კრაკოვი-ქუთაისი-კრაკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით შეასრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის 4 ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავსა და კატოვიცეშია შეუძლიათ.

Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 14 მიმართულებით ასრულებს.