August 29, 2022

საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციის წვდომაზე შეზღუდვა აღარ არსებობს

მოქალაქეებს პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდული IT ინფრასტრუქტურის განახლების გამო არ ჰქონდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „საპენსიო სააგენტო“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია.

„საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს IT ინფრასტრუქტურის განახლებას. როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია“, – ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.