January 29, 2023

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ თანამდებობა დატოვა. ის აღნიშნულ პოსტზე გასული წლის მარტში, 4 წლის ვადით აირჩიეს, თუმცა მან ამ თანამდებობაზე ერთი წელიც ვერ დაჰყო.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება თეატრის დირექტორიც, რაც ნიშნავს, რომ თანამდებობის დატოვება თავაძესთან ერთად სულხან გოგოლაშვილსაც მოუხდა.

რა გახდა თავაძის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი უცნობია. გოგოლაშვილის თქმით, გიორგი თავაძეს თეატრში რეჟისორული საქმიანობის გაგრძელება სურდა.

“მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება და გადაწყვიტა, რომ დარჩენილიყო რეჟისორად, ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელად”, – განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.