December 24, 2023

თოვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა

გომი-საჩხერე-ჭიათურა ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვები უამინდობის გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოქმედებს.

„თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე. გარდა ამისა, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ხაიში-უშგულის მონაკვეთზე.