August 5, 2024

სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუშიდან დარღვევა 168 ნიმუშში აღმოჩნდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუშიდან დარღვევა 168 ნიმუშში აღმოჩნდა – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ნედლი რძის 63 ნიმუშიდან ბრუცელოზი 3 შემთხვევაში გამოვლინდა.

„სააგენტოს ინსპექტორებმა მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მაჩვენებელზე საკვლევად, სურსათისა და სასმელი წყლის 1600-ზე მეტი ნიმუში/სინჯი აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.

კვლევის შედეგად, დარღვევა 168 ნიმუშში აღმოჩნდა, რაც საერთო მაჩვენებლის მხოლოდ 10%-ია. გამოვლენილ შეუსაბამობებზე გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ან/და დაევალათ სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზრიდან გამოთხოვა, დასაწყობება და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.

ნედლი რძის 63 ნიმუშიდან ბრუცელოზი გამოვლინდა 3 შემთხვევაში; რძისა და რძის ნაწარმის 90-ზე მეტი ნიმუშიდან მცენარეული ცხიმის შემცველობა ყველის სამ ნიმუშში აღმოჩნდა;

ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლენილი ალერგენების შესახებ ეტიკეტზე ინფორმაციის არასრულყოფილად დატანისთვის ალკოჰოლური სასმელების ორი მწარმოებელი დაჯარიმდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დარღვევები არ დაფიქსირდა ტყვიაზე, GMO-ზე, ტრანსცხიმებზე, კალციუმის შემცველობაზე, ჰისტამინზე, ლისტერიასა და პესტიციდების ნარჩენებზე სურსათის კვლევისას, აგრეთვე, სახეობრივი კვლევისას არ გამოვლენილა ვირისა და ცხენის ხორცი.

მიმდინარე წელს უკვე აღებულია სურსათისა და სასმელი წყლის 3000 ნიმუში/სინჯი, წლის ბოლომდე 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღებაა დაგეგმილი“, -აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.