მარტი 11, 2015

ქართული საბავშვო ლიტერატურა საერთაშორისო ასპარეზზე გადის

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, წელს პირველად, ქართული საბავშვო ლიტერატურა ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე იქნება წარმოდგენილი. კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა, წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს. მინისტრმა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საზოგადოებას საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით 2015 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ღონისძიებები და სიახლეები გააცნეს.