August 1, 2012

კოპიტნარის აეროპორტიდან პირველი ფრენა 27 სექტემბერს განხორციელდება

კოპიტნარის აეროპორტი ოფიციალურად 27 სექტემბერტს გაიხსნება და პირველი ფრენაც კიევის მიმართულებით ამავე დღეს განხორციელდება. დღეს, კოპიტნარის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ დაათვალიერა.

,,სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პირველი ფრენა ქუთაისი-კიევი-ქუთაისის მიმართულებით განხორციელდება. სექტემბერ-ოქტომბერიდან, ასევე, იქნება დამატებითი ფრენები. აეროპორტის მშენებლობის პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიებიც. აქედან გამომდინარე, ეს არის საერთაშორისო ერთობლივი პროექტი“ – აღნიშნა ვერა ქობალიამ.

ამჟამად, კოპიტნარის აეროპორტში ასაფრენი ბილიკის პირველი ნაწილის მშენებლობა სრულდება და 25 აგვისტოდან ის მოქმედ მდგომარეობაში იქნება. მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. ასევე, ფასადის დამუშავება და შიდა ელექტროსადენების მოწესრიგება. უკვე დასრულდა ტერმინალის რკინის კონსტრუქციის ძირითადი სამუშაოები.

ვერა ქობალის თქმით, მშენებლობაზე ადგილობრივი კადრებია დასაქმებული იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან. მინისტრის თქმით, გასაუბრების სამი ეტაპი უკვე გაიარა 100–მა თანამშრომელმა და ამჟამად, მათი დატრენინგება მიმდინარეობს. იგეგმება კიდევ ასი თანამშრომლის აყვანა.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, კოპიტნარის აეროპორტმა მომავალი წლის გაზაფხულზე ფრენები, ასევე, უნდა განახორციელოს რუსეთის, უკრაინის, ისრაელისა და ბელორუსიის მიმართულებით.