პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაცია ქუთაისის მერიას ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს, რის გამოც ისინი ძალოვნებს გამოძიებას სთხოვენ.
„მერია და საბინაო სამსახური ისევ აგრძელებს პროგრამა „კორპუსი“–ს არამიზნობრივად გამოყენებას და მოსახლეობის მოტყუებას,“ – განაცხდა „თავისუფალი საქართველო“–ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად წაქაძემ.
როგორც წაქაძე განმარტავს, ქუთაისში სულხან–საბას ქუჩის #46–ში მრავალსართულიანი ბინის ამხანაგობის თავმჯდომარეები დაიბარეს და სპეციალური ანგარიშის გახსნა მოსთხოვეს. „ჩვენთვის გაუგებარია თუ როგორ მუშაობს ზოგადად პროგრამა „კორპუსი“. მერია ფინანსურ მაქინაციებს აწარმოებს“, – აღნიშნავენ „თავისუფალ საქართველო“–ში. ისინი საქმის გამოძიებას ძალოვნებს სთხოვენ. „კეთილი ინებოს და ამ პროგრამის განხორციელება გამოიძიოს პროკურატურამ“, – აღნიშნა ზვიად წაქაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერია უკვე წლებია პროგრამა „კორპუსს“ ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მრავალსართულიან ბინებში ლიფტების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. კერძოდ, ლიფტების სარეაბილიტაციო თანხის 90%–ს მერია, ხოლო 10%–ს პროცენტს მოსახლეობა იხდის. პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 6 მილიონამდე გაიზარდა.