March 10, 2022

მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი

მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არის ბავშვიც.

მარიუპოლის ქალაქის საბჭოს ინფორმაციით, დაბომბვისას 17 ადამიანი დაშავდა.

„დღეისთვის ცნობილია, რომ ბავშვთა საავადმყოფოზე რუსული თვითმფრინავების მიერ განხორციელებული ტერორისტული დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა – ქალები, ბავშვები და ექიმები. სამი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი მათგანი ბავშვია,“- ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსული ჯარები მიზანმიმართულად და უმოწყალოდ ანადგურებენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას.

„მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ, უკრაინისა და მარიუპოლელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ,“- ნათქვამია “ტელეგრამზე” გავრცელებულ განცხადებაში.