გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი ინფრასტრუქტურა ადგილზე 1 000 ტონა პროდუქციის შენახვის შესაძლებლობას იძლევა. კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 3,8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 500,000 ლარი გრანტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 3 მლნ ლარს შეადგენს. აგროჰოლდინგი აერთიანებს კომპანიებს, რომელთა საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული, სადაც 2022 წელს 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. კომპანიის მიზანია ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოოს ბიზნესი, ჩაანაცვლოს იმპორტი და განავითაროს ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ აგროჰოლდინგი USAID-ის ხელშეწყობით სუფრის ყურძენის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს. ადგილზე 60 ადამიანია დასაქმებული.
March 15, 2022