April 1, 2022

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ქალი დააკავეს

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ქალი ს.ყ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო არქივიდან