ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს, – რჩევებს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. -ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. -დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულის რევა, ღებინება,დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა. -თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე. -ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები. -არ დაგავიწყდეთ ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს. -აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად. -თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება. -გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში. -თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას. -არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. -თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.
July 13, 2024