October 11, 2024

გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა

გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა – ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, საქართველოში მოქმედმა 39,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მხარდაჭერა.

ამასთან, მათივე ცნობით, აღნიშნულმა პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძოდ: მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა.