7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს ტრადიციული საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი მეალილოეები დალოცა.
ალილოს მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩები ხარ-ურმის საშუალებით შემოიარეს და მოქალაქეებისაგან ფული და ტკბილეული შეაგროვეს. მსვლელობაში მონაწილეებს შემოწირულობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც გადასცეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის იოსებ კენჭაძის თქმით, შობის დღეს მსგავსი მსვლელობა ტრადიციულ ხასიათს ატარებს. როგორც კენჭაძე ამბობს, საზეიმო მსვლელობით შეგროვებული სურსათ–სანოვაგე მოხუცთა პანსიონატს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაეცემა.