ცნობილი ხდება პროდუქტების დასახელება, რომელზედაც „საოჯახო კალათის“ ფარგლებში ფასდაკლებები იქნება, – ამის შესახებ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, სოფო ქაშაკაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მომხმარებელი ამ პროდუქტს კარგად დაინახავს, რადგან გამოყოფილი იქნება სპეციალური ფასით ან „ვობლერით“.
ქაშაკაშვილის თქმით, ყველა პროდუქტში გამოიყოფა თითო კონკრეტული სახეობა ან ბრენდი, რომელზეც მუდმივი ფასდაკლება იქნება.
“ეს საოჯახო კალათა განისაზღვრება ისეთი პირველადი მოხმარების სოციალური პროდუქციით, როგორიც არის: ბრინჯი, მაკარონი, ბურღულეული, წიწიბურა, აუცილებლად ქათმის ხორცი, კვერცხი, შესაძლოა, პერიოდულად რძის პროდუქტიც დაემატოს”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ფასების რეგულირების დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის შემდეგ, „რითეილ ასოციაციამ“ განცხადება გაავრცელა, რომ წევრი კომპანიები სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად მოახდენენ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ფასდაკლებებს.