October 18, 2023

აეროპორტების მშენებლობაში სახელმწიფო ფულს არ უნდა ხარჯავდეს – რომან გოცირიძე

პრემიერმინისტრი ქვეყანაში აეროპორტების აღმშენებლობის ერას აანონსებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყანაში 6 თანამედროვე აეროპორტი იქნება: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს ახალი, თელავის აეროპორტი დაემატება. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, მისი გაფართოება იგეგმება – ამ და სხვა საკითხებზე „ნიუპრესს“ პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე ესაუბრება.

– სანამ შიდა ფრენებისთვის აეროპორტებზე ვიფიქრებდეთ, ჯერ უნდა ვიფიქროთ გზებზე. თელავის აეროპორტის გაკეთებას, კარგი გზა გააკეთონ თელავამდე მოქალაქეებისთვის, გაცილებით სასარგებლო იქნება. გვირაბი რომ იყოს გომბორზე, თბილისიდან თელავამდე ერთ საათში ჩავიდოდა ადამიანი, მაშინ როდესაც თბილისიდან თელავამდე ფრენისთვის ერთ საათი მაინც აეროპორტში რეგისტრაციისთვის იქნება საჭირო. პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს ის, რაც არის გადაუდებლად მნიშვნელოვანი, ანუ, საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია, ვხედავთ, ქვეყანაში, რაც ხდება. მერე უკვე დრო აჩვენებს, ჭირდება თუ არა თელავს აეროპორტი და იქნება თუ არა მოთხოვნა იგივე თელავიდან ბათუმის თუ ქუთაისის მიმართულებით ფრენებზე. ტურისტების რაოდენობის ზრდის კვალობაზე შესაძლებელია, სამომავლოდ ეს თემა დადგეს დღის წესრიგში, მაგრამ ამას სჭირდება ყველაფრის გათვლა და ალტერნატივების შეჯერება, თუნდაც მატარებელის ალტერნატივის კახეთში და ასე შემდეგ. ეს არის მოუფიქრებელი და ვოლონტარისტულად წამოსროლილი იდეები, რომელსაც არ აქვს სერიოზული ეკონომიკური და სხვა სახის გათვლები. სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ასეთ მოკლე მანძილზე 100-150 კილომეტრის მანძილზე აეროპორტების გამოყენება და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა არ ხდება. მითუმეტეს, რომ არც ამის შესაძლებლობა აქვთ ჯერჯერობით ჩვენს მოქალაქეებს.

-რაც შეეხება ვაზიანის აეროდრომს, პრემიერი ხშირად საუბრობს მის ადგილზე ახალი საერთაშორიოსო აეროპორტის მშენებლობაზე, თუმცა ამჯერად ის აღარ უხსენებია, რას იტყვით ამ თემაზე?

-არასერიოზულია, რომ თბილისში 2 საერთაშორისო აეროპორტი იყოს. ეს ხომ სასაცილოა, მითუმეტეს, ვაზიანის აეროდრომი არის სამომავლოდ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი. არა მარტო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, არამედ რეგიონში მთლიანი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი და მასზე ასეთი ზერელე დამოკიდებულება არის უპასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, სჭირდება აეროპორტებს განვითარება, მაგრამ ჯერ არსებული რესურსები უნდა იყოს გამოყენებული – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში.

-ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ აქ მოხდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაგრძელება, რომ აეროპორტს შესაძლებლობა ჰქონდეს დიდი სატვირთო ბოინგების მიღების, ამის შესახებ რას იტყვით?

– ქუთაისის აეროპორტი უნდა გაფართოვდეს, მას უნდა შეეძლოს დიდი სატვირთო ბოინგების მიღება, მაგრამ ამაში სახელმწიფო კი არ უნდა ხარჯავდეს ფულს, ისევე როგორც თუნდაც ენერგეტიკაში, ჰესების მშენებლობაში, ან ანაკლიაში. სახელმწიფოს ფული უნდა მოხმარდეს ადამიანებს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, განათლებას, ხოლო მსგავსი, კომერციულად მომგებიანი პროექტები უნდა გააკეთოს კერძო ინვესტორმა, ქართული ინვესტიცია იქნება თუ უცხოური. ქუთაისის აეროპორტის პრივატიზაცია უნდა მოხდეს, ინვესტორმა უნდა დახარჯოს ფული ამაში და არა ქვეყანამ. აეროპორტები, პორტები, ნამახვანის ჰესი, ხუდონჰესი, ნენსკრა ჰესი, ამისთვის 4-5 მილიარდის უცხოური ვალუტის კაპიტალდაბანდებაა საჭირო. 4-5 მილიარდი თუ სახელმწიფომ გაიღო, მაშინ ისევე კატასტროფულ მდგომარეობაში დარჩება განათლების სისტემა, როგორც არის, სკოლები, ჯანდაცვის სისტემა. ფული საიდან მოდის? ან ვსესხულობთ, ან გადასახადებიდან მოდის, ასეთი პროექტები უნდა შენდებოდეს კერძო ფულით. ახლა იტყვიან, რომ თელავში კერძო ინვესტორი არ ააშენებს, ეს ხომ სუბსიდირებულია, წამგებიანია. თუ წამგებიანია, მაშინ სახელმწიფომ რატომ უნდა წააგოს? მაშინ ადექი და გააკეთე ის, რაც არის აუცილებელი, მაგალითად, გზა.

-თქვენ საუბრობდით ქუთაისის აეროპორტის პრივატიზებაზე, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს? აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აქტუალურია აზრი, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა რჩებოდეს.

თბილისში თუ არის კერძო აეროპორტი, ქუთაისში რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი? [თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს თურქულ კომპანია TAV Georgia მართავს-ს] ქუთაისის აეროპორტში იზრდება ტვირთბრუნვა, იზრდება მგზავრთნაკადები და მშვენიერი საპრივატიზაციო ობიექტია.

-რამდენად უკავშირდება აეროპორტების მიმართ ინტერესი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას?

რა თქმა უნდა, სატრანზიტო დერეფანი არის საქართველო, მისი როგორც აეროპორტები, ასევე გზა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მაგალითად, სომხეთისთვის, ისევე როგორც ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანზიტისათვის აბრეშუმის გზად წოდებული მარშრუტით. ბუნებრივია, გზებიც უნდა იყოს, პორტებიც და აეროპორტებიც, მაგრამ ამას უნდა გათვლა, როდის, რომელი უნდა აშენდეს, ვინ უნდა ააშენოს და ვის საკუთრებაში უნდა იყოს. განცხადება, რომ აეროპორტს მთავრობა გააკეთებს, ეს არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური მიდგომა.