პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, გუშინ კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, სახლში კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და გვიან ღამით კვლავ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმმა მანანა ლობჟანიძემ განაცხადა, პაციენტს უტარდება კვლევები.
„პაციენტი იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტი მოთავსდება სტაციონარში თუ გაეწერება ბინაზე. ტვინის შერყევა ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა“,- განაცხადა მანანა ლობჟანიძემ.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, გუშინ გვიან ღამით, პაპუნა ლოცულაშვილს სახლში თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის შემდეგად გული წაუვიდა. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი.
პოლიციელებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.