ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ახალ პრემიუმ სერვისს – Fast Track-ს სთავაზობს, რომელიც უსაფრთხოების კონტროლისა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლას უზრუნველყოფს და აეროპორტში ლოდინის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ე.წ. ,,სწრაფი გასასვლელი“ მგზავრებს საშუალებას აძლევს, საერთო რიგების გვერდის ავლით, სპეციალური დერეფნის საშუალებით უფრო სწრაფად გაიარონ აეროპორტში აუცილებელი პროცედურები. Fast Track სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია პიკის საათებში, როდესაც აეროპორტში მგზავრთნაკადი მაღალია.
სერვისი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის გახსნასთან ერთად ამოქმედდა და თვითმომსახურების (Self-Service) პრინციპით იმუშავებს. Fast Track სივრცე აღჭურვილია Visa POS ტერმინალით, რომლის საშუალებითაც Visa-ს პრემიუმ ბარათის მფლობელები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.
მგზავრებს, რომლებიც Visa-ს პრემიუმ ბარათს არ ფლობენ, Fast Track-ის შეძენა ადგილზე QR კოდის საშუალებით, ან წინასწარ, აეროპორტისა და ავიაკომპანიების ვებგვერდებიდან შეეძლებათ.
რაც შეეხება ბიზნეს ლაუნჯს – თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანის მოემსახურება. VISA პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.
ბოლო წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სტაბილურად იზრდება. 2025 წელს აეროპორტი 1,824,720 მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2026 წლისთვის წინასწარი პროგნოზით, 1,859,657 მგზავრის მიღებაა დაგეგმილი.
ამ დროისთვის აეროპორტში 7 ავიაკომპანია ოპერირებს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს 17 ქვეყანის 33 მიმართულებით ასრულებს.